“პრაიმტაიმი” თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მედია პარტნიორი გახდა

10:36 05-23-2019
65

ტრადიციულად, მაისის მიწურულს, თბილისი მასშტაბურ ლიტერატურულ ზეიმს მასპინძლობს ხოლმე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით „ექსპო ჯორჯიას“ III, V, VI და XI პავილიონებში 21-ედ გაიმართება, საქართველოში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი წიგნის მოყვარული სტუმრობს. 

როგორც ცნობილია, 21-ე ფესტივალს ეყოლება 70-ზე მეტი გამომფენი ქართული და უცხოური გამომცემლობების, წიგნის გამავრცელებლების, საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. 100-ზე მეტი ქართველი თუ უცხოელი მწერლის, მთარგმნელის, გამომცემლის თუ კრიტიკოსისა და 40-ზე მეტი ქართველი მსახიობის მონაწილეობით ფესტივალის მთავარ, საბავშვო პავილიონისა და პროექტის „მსახიობები ლიტერატურისათვის“ სცენებზე 150-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა გამომცემლების ერთდღიანი პროფესიული კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით.

წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა ფინეთი. თუმცა ფინეთის გარდა, ფესტივალს ეწვევიან მწერლები, გამომცემლები, ილუსტრატორები და ასევე სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ლიტერატურული ორგანიზაციების წარმომადგენლები მექსიკიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან, კორეიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა. ფესტივალს კი უმაღლესი რანგის სტუმარი, საგამომცემლო სფეროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის.

წელს პირველად „პრაიმტაიმი“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მედია პარტნიორი გახდა.