ადვოკატი - დ.ღ-ს განაჩენს ალბათ სხვა ახალგაზრდების დასაჭერად გამოიყებენ

18:48 05-22-2019
34

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

როგორც ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის არასწორი დასკვნების გადაფარვას ემსახურება.

მისი თქმით, შესაძლოა დ.ღ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ხორავას ქუჩის ძირითად საქმეზე სხვა ახალგაზრდების წინააღმდეგ და მათ დასაჭერად გამოიყენონ.

რაც შეეხება საქმის პროკურორის პოზიციას, ბესიკ ქვარცხავა ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი უტყუარად დადასტურდა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს მკაცრად, რადგან მუხლი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, დ.ღ-ს 2 წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

წინასწარ პატიმრობაში გატარებული თვეების გათვალისწინებით, ის საპატიმროში კიდევ 1 წელი და 9 თვე დარჩება.

დ.ღ. ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი თვითმხილველია. მან თავდაპირველად ჩვენება მისცა, რომ მომხდარი დანაშაულის გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. მოგვიანებით ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ დ.ღ. ცრუობდა, რადგან მასთან პირად საუბარში მან საქმის დეტალები მოყვა. მათ შორის დეტალები, რომელიც მიხეილ კალანდიას ეხებოდა. ამასთან ამბობდა რომ ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობდა. პროკურატურის საქმის მასალებში აღნიშნული ჩანაწერიც არის დართული.

ავტორი: ბექა პატურაშვილი