"ყურადღება!!! ვიდეოში რასაც იხილავთ, გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ" 

15:52 05-21-2019
2659

სკოლის ჰიმნები, იგივე ვიდეო კლიპებს, რომელსაც ბოლო პერიოდში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იღებენ და სოციალური ქსელების საშუალებით აქვეყნებენ, საზოგადოებაში ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა. ასეთ ვიდეო კლიპებში ძირითადი აქცენტი არა განათლებაზე, არამედ ძალადობაზე და ქუჩური მენტალიტეტის უპირატესობაზეა გაკეთებული.

გამოსაშვები კლასის მოსწავლეების კლიპებში გაშარჟებული არიან მასწავლებლები და მთლიანად განათლების სისტემა.  სავარაუდოდ, სწორედ ვიდეო კლიპი იყო 51-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზიც.

51-ე სკოლის ჰიმნი იუთუბზე 19 მაისს გამოქვეყნდა და უკვე 70 ათასი ნახვა აქვს. კლიპის აღწერილობაში წერია; ყურადღება!!! ვიდეოში რასაც იხილავთ, გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ. ეს მხოლოდ ხუმრობაა. თუმცა, ამის მიუხედავად მისმა შინაარსმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მაინც გამოიწვია.

როგორც ირკვევა, კლიპში ისე გადაიღეს ერთ-ერთი მასწავლებელი, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ზოგადად, სკოლეები არ ერევიან სკოლის გამოსაშვები ვიდეო კლიპების არც ფორმატში და არც შინაარსში, რადგან, როგორც ირკევა, სკოლის ჰიმნების მომზადების პროცესში მოსწავლეები მთლიანად დამოუკიდებლები არიან.

51-ე სკოლის ჰიმნთან ერთად იუთუბზე კიდევ რამდენიმე სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეების კლიპებიც არის ატვირთული. 

განათლების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ერთი შეხედვით იუმორზე აგებული აგერსიული რიტორიკის შემცველი ვიდეო კლიპი, რეალურად სკოლებში არსებული სერიოზული პრობლემების ილუსტრატორია.

რა თქმა უნდა, სკოლა ვერ აუკრძალავს ბავშვებს ასეთი ვიდეო კლიპების გადაღებას. ეს გამოიწვევს აგრესიას და უკურეაქციას. თუმცა, საჭიროა ადეკვატური მიდგომები.  მარტო სკოლების გარემონტება არ არის საკმარისი - აუცილებელია მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ სწორი მიმართულებები. დაანახონ ალტერნატივა. სამწუხაროა, რომ დღეს მოსწავლისთვის მასწავლებელი აღარ არის ავტორიტეტი. ძალიან ცუდია, როდესაც ქუჩური ცხოვრების რომანტიზება ხდება. ეს ვიდეო კლიპები ნათლად ასახავს განათლების სისტემის პრობლემას. ამიტომ, საჭიროა  თანმიმდევრული მუშაობა სკოლებში. მოსწავლეების აღზრდის პროცესში მასწავლებლებთან ერთად ოჯახებიც უნდა იყვნენ ჩართულები. ძალიან ცუდია, როდესაც ქუჩური ცხოვრების რომანტიზება ხდება, - აცხადებს განათლების სფეროს სპეციალისტი რევაზ აფხაზავა.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე