თამარ ჩუგოშვილი - ოპონენტების მიერ ზუგდიდში დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს

12:27 05-16-2019
70

„პოლიტიკური ოპონენტების განცხადებები იმის შესახებ, რომ  ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას აპირებენ ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის,  შეიძლება, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს“.- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ზუგდიდში უკვე ჩანს საკმაოდ დაძაბული ფონი. ერთ-ერთი, რითიც ეს დაიწყო, სხვა პროცესებთან ერთად, იყო ე.წ. საარჩევნო მასალების გადატანასთან დაკავშირებული თემა, რომელიც სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია. არანაირ კანონდარღვევას კომისიების მხრიდან ამ მასალების გადაცემის დროს ადგილი არ ჰქონია. ეს, როგორც ვიცი, დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.  შესაბამისად, ცარიელ ადგილზე საკმაოდ დიდი ვნებათღელვა ატყდა. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ოპონენტები აპირებენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის. ამიტომ ჩვენ, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და თუ შესაძლებელია, პრევენცია გააკეთონ ზუგდიდში სხვა ქალაქებიდან დიდი რაოდენობით დამიანების მობილიზების კუთხით. ეს აუცილებლად გამოიწვევს საარჩევნო დღეს სრულიად ზედმეტ და არასაჭირო დაძაბულობას, შესაძლებელია,  ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი არჩევანის დაფიქსირებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.