ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა მოსწავლეების წერილები მიიღეს

10:37 05-16-2019

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბანაკ „მარმალზე“ დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა  საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საშუალო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა.

„წერილი ჯარისკაცებს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ბავშვების მიერ დაწერილი წერილები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლიდან შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. უმცროსკლასელებისთვის კი, საპასუხო ბარათების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.