მანანა არჩვაძეს სანდრა რულოვსის საქართველოდან გაძევება სურს

19:30 05-15-2019
14

მანანა არჩვაძე ზუგდიდის ცენტრში, მხარდამჭერებს შეხვდა და მოუწოდა სანდრა  რულოვს მხარი არ დაუჭირონ.

„ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის და სამეგრელოში ჩამოვიდა. პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა... მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ეხლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი“, განაცხადა შეხვედრაზე მანანა არჩვაძემ.

მისივე თქმით, რულოვსი შეფარულ თამაშს თამაშობს და ის სპეცსამსახურების მიერაა შემოთავაზებული. 

„მე დღეს აქ ჩამომიყვანა ზუსტად ზვიად გამსახურდიამ, რადგან ვიცი საქართველოს ისტორია კარგად, მით უფრო სამეგრელოსი. მე ჩამოვედი იმის გამო, რომ ვიღაც ერთი ქალი აპირებს, მერობაზე იყაროს კენჭი. ჩემთვის ეს მიუღებელია. მოგახსენებთ მის ამონარიდებს ე.წ. ავტობიოგრაფიიდან, რომელიც გამოიცა 2005 წელს – „იდეალისტის ნაამბობი“. თან ამბობს, რომ ეს არის მისი ავტობიოგრაფია. თუ ავტობიოგრაფიაში ზვიად გამსახურდია უნდა ფიგურირებდეს, თან ვიღაც რულოვსის ნაჯღაბნში, აქ უკვე სხვა დავალებაა. ეს დავალება ჩვენთვის დიდი ხანია, შეცნობილი და გაშიფრულია. ერთი ბწკარი სიმღერა ერთმა მოღალატე ქალბატონმა ასწავლა და გადაწყვიტა, რომ მეგრელები იმდენად გულუბრყვილოები არიან, თუ მათ მეგრულად უმღერებს, ისინი უკვე შენი მონები გახდებიან. არა. მთელი სამეგრელო მღეროდა, მღერის და იმღერებს. ასე რომ, ვერავინ ვერ მოგვრთამავს და სიყვარულს ვერ მოიპოვებს, რადგან ეს არის შეფარული თამაში, იმ სპეცსამსახურების შემოთავაზებული, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გავიარეთ ეს ყველაფერი და ვერავინ ვერასოდეს ვერ მოგვიგებს, თუ თავად არ მოვიტყუებთ თავს“, – განაცხადა მანანა არჩვაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძემ რულოვსი ადრეც გააკრიტიკა.

მიმდინარე წლის აპრილში, გამსახურდიას ქვრივმა სოციალურ ქსელში რულოვსის მისამართით მწვავე პოსტი გამოაქვეყნა.

„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო...“, - წერდა მანანა არჩვაძე.

ზუგდიდში 19 მაისს მერის არჩევნები ჩატარდება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში სიტუაცია დაძაბულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.