მისკენ გავიქეცი და საბედნიეროდ მივუსწარი - ემოციური ისტორიები სკოლიდან

15:26 05-11-2019
16

2015 წელს გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, შესვენების დროს, მანდატური ვეფხია ხოხაშვილი დერეფანში იმყოფებოდა და მოსწავლეებს თვალს ადევნებდა. ამ დროს, მე-6 კლასელი ცელქი ბიჭუნა კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალებას შეეცადა. მას კიბეზე ფეხი დაუსხლტა და მოაჯირიდან ვარდებოდა. მანდატურმა წამებში მოახდინა რეაგირება, მოსწავლისკენ გაიქცა და ნახევრად ძირს გადავარდნილი ბიჭი ქურთუკის საყელოთი დაიჭირა. 
ვეფხვია ხოხაშვილი: ”ყველაფერი წამებში მოხდა. როდესაც შესვენების ზარი დაირეკა, კიბესთან ახლოს ვიდექი, მეოთხე სართულზე. დავინახე, როგორ შეხტა მოსწავლე კიბის მოაჯირზე, ჩამოსრიალება უნდოდა, თუმცა თავი ვეღარ შეიკავა და ღობებს შორის გამოძვრა. ის მე-4 სართულიდან ვარდებოდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მივვარდი და ხელი ვსტაცე, საყელოთი დავიჭირე. როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, შიში მერე ვიგრძენი - წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო“. 
მანდატურმა შეშინებული ბავშვი დაამშვიდა და სთხოვა, ასე სახიფათოდ არასოდეს მოქცეულიყო. 

მანდატური ვეფხია ხოხაშვილი .

width=553

 

2016 წლის აპრილში, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დერეფანში მყოფმა მანდატურმა შენიშნა, რომ საკლასო ოთახიდან მოსწავლეები გამორბოდნენ. მათ მანდატურთან ყვირილით მიირბინეს: „ძალიან ცუდადაა“... მანდატური სასწრაფოდ შევიდა საკლასო ოთახში და მე-7 კლასელი მოსწავლე დაინახა, რომელიც იატაკზე, უგონო მდგომარეობაში იწვა. 

ქეთევან ჯაფარიძე: „ბიჭს გონება ჰქონდა დაკარგული, სახე გალურჯებოდა, პირიდან ქაფი სდიოდა, არ აღენიშნებოდა არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი. დაუყოვნებლივ გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ დრო არ ითმენდა, თავად უნდა მემოქმედა. მას ადგილზე ჩავუტარე პირველადი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი“. 
ბევრი მცდელობის შემდეგ, მანდატურმა მოსწავლის გონს მოყვანა შეძლო. როცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდა.

მანდატური ქეთევან ჯაფარიძე 

width=557

 

2018 წლის მარტში, სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სუიციდის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. მე-9 კლასის მოსწავლე გოგონა, სკოლის საპირფარეშოში, დიდი ოდენობით აბის მიღებას აპირებდა. ფაქტს მისი თანაკლასელი შეესწრო, რომელმაც ამის თაობაზე მანდატურს აცნობა. 
ქეთევან ზედგინიძე: „რთულია, სიტყვებით გადმოვცე, რასაც მაშინ ვგრძობდი... როდესაც შევიტყვე, რომ მოსწავლეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, მისკენ გავიქეცი და, საბედნიეროდ, დროულად მივუსწარი. დავამშვიდე და ვთხოვე, ჩემთან ესაუბრა. გოგონამ მითხრა, რომ მას პიროვნების გაორება აწუხებს, ვერ ახერხებს საკუთარ თავთან გამკლავებას. მშობლები დაშორდნენ და მამასთან ურთიერთობა არ აქვს. აღნიშნავდა, რომ არავის უყვარს და არ ჰყავს მეგობრები...“
გოგონამ მანდატურს ისიც გაუმხილა, რომ სუიციდის მცდელობა ერთი კვირის წინ, სახლშიც ჰქონდა. მისი თქმით, შეეცადა დედასთან დალაპარაკებას, მაგრამ მშობელმა მისი გაგება ვერ შეძლო.
ფაქტის შესახებ მანდატურმა სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს და გოგონას მშობლებს აცნობა. მოსწავლეს, მშობლის თანხმობით, ფსიქოლოგებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. 
ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მანდატურის ახლო მეგობარია. გოგონა ხშირად უზიარებს მას თავის განცდებსა და ფიქრებს და განსაკუთრებულად ენდობა.

მანდატური ქეთევან ზედგინიძე

width=562

 

2019 წლის თებერვალში, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატური ზაალ მორბედაძე სკოლის გარეთ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შენობიდან გამომავალ მოსწავლეთა ნაკადს თვალს ადევნებდა.

ამ დროს, მისი ყურადღება მე-6 კლასელმა ბიჭმა მიიქცია, რომელიც გაბრაზებული და აღელვებული ჩანდა. ბიჭი ცდილობდა, ჩქარი ნაბიჯებით დაეტოვებინა სკოლის ტერიტორია. მან ჭიშკართან მიმაგრებულ სანიაღვრე ჟოლობს გამეტებით მიარტყა მუშტი და გაიქცა. მანდატური ბიჭს უკან დაედევნა. მოსწავლე სკოლის უკან, მიტოვებულ, მშენებარე კორპუსში შევარდა და გაუჩინარდა. მას მანდატური ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, ეძახდა და სთხოვდა, შეჩერებულიყო. 
ზაალ მორბედაძე: „ინტუიციით მივხვდი, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ დავედევნე. ვთხოვდი, შეჩერებულიყო და დამლოდებოდა. ვუყვიროდი: ძალიან გთხოვ, დამელოდე, ოღონდ, დამელოდე... ის კი გარბოდა და იმეორებდა: „ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნისო“... ძალიან შემეშინდა. ვცდილობდი, მხედველობის არედან არ დამეკარგა და დავწეოდი“. 
მანდატური ბიჭს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოხტომას აპირებდა, ხელი ძლიერად წაავლო და თავისკენ მოიზიდა. 
შემდეგ ისინი მიტოვებულ შენობაში კარგა ხანს ისხდნენ და საუბრობდნენ. მანდატურმა ბიჭის დამშვიდება შეძლო, ისინი სკოლის შენობაში ერთად დაბრუნდნენ. ზაალმა მოსწავლის მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და შესაბამის სამსახურებს მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა. ბიჭს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება.

მანდატური ზაალ მორბედაძე 

width=561