თალაკვაძე - ENQA-ს წევრობა უდიდესი წარმატებაა

15:55 05-03-2019
48

განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობით საქართველო ევროპულ თანამეგობრობას კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით უერთდება. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში წევრობას.

„ეს ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიზანმიმართულ, დაუღალავ მუშაობას მოჰყვა, რათა ხორცი შესხმოდა ამ ეროვნულ იდეას, რომლის ფარგლებში ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ევროპა აღიარებს საქართველოს ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული პროგრამების კვალიფიკაციებს, დიპლომებს, ანუ, ქართული განათლების ევროპულ ხარისხს. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საქართველო იბრუნებს საგანმანათლებლო კერისა და ცენტრის სტატუსს რეგიონში.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობა იმის დასტურია, რომ განათლების რეფორმამ სწორი სტარტი აიღო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს განათლების სისტემა ხარისხზე აქცენტით იწყებს. განსაკუთრებით გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, რათა მათ დააკმაყოფილონ ENQA-ს სტანდარტი” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) წევრობას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისტორიული უწოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.