აუნაზღაურებელი დანაკარგი - 2013-2018 წლებში გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 196,8 მლნ ლარი შეადგინა

19:53 04-01-2019
14

2013-2018 წლებში გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 196,8 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებში გარემოსათვის მიყენებული 8,1 მლნ ლარი ზიანი, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევებში მიყენებული ზიანი - 188,7 მლნ ლარი. სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა ეს მოცემულობა შეფასებულია როგორც საგანგაშო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზიანის უდიდეს ნაწილთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ დაყენებულა ანაზღაურების მოთხოვნა და შესაბამისად, არც ზიანი ანაზღაურებულა.

ომბუთსმენი დასკვნაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკას ეყრდნობა. რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს, ანგარიშში რამდენიმე მიმართულებაა გამოყოფილი.

ნათქვამია, რომ საკანონმდებლო რეგულაციებისა და პრაქტიკის მხრივ არსებული მძიმე ვითარება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან სათანადო ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებას მოითხოვს. კერძოდ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სფეროში მოქმედი სამართლებრივი გარანტიები არასაკმარისი და უშედეგოა, კანონმდებლობა არ არის ორიენტირებული გარემოსათვის დამდგარი მძიმე შედეგების რეალურ გამოსწორებაზე, მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

კანონმდებლობის ანალიზი და გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება, იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის კანონის პრინციპებით, ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათი რეალიზაცია ვერ ხორციელდება. არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც პრინციპების - დამბინძურებელი იხდისდარესტიტუციის პრინციპი აღსრულებას მოემსახურება.

ამასთან, არსებული რეგულაციების ფარგლებშიც, ერთი მხრივ, ზიანის მატერიალური ანაზღაურება უმრავლეს შემთხვევაში მრავალი წლითაა გადავადებული, მეორე მხრივ, კი, ქონებრივი ანაზღაურების შემთხვევაშიც, აღნიშნული გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოსწორების გარანტი ვერ იქნება.