ვეცდებით, რომ ირლანდიასთან ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ - გურამ კაშია

15:35 03-26-2019
52

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ირლანდიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი დუბლინში „ავივა სთედიუმზე“ თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გუშინ გამართეს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

გურამ კაშია: „ხვალინდელ თამაშში აუცილებლად დომინანტები უნდა ვიყოთ. თუ ბურთს დავიჭერთ აუცილებლად შევქმნით მომენტებს და ალბათ გოლსაც გავიტანთ, ამიტომ განსაკუთრებული კონცენტრაცია გვმართებს. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველი თამაში ვერ მოვიგეთ. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა და რის გამოც უქულოდ დავრჩით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და საბოლოოდ ამით არაფერი გადაწყდება. ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და გულშემაკტივრებიც პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი. ვეცდებით, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ და აუცილებლად 3 ქულა მოვიპოვოთ.“

გიორგი ქვილითაია: „შვეიცარიასთან დასანანი მარცხი გავნიცადეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულია და მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ვემზადებით ირლანდიასთან თამაშისთვის. გავაანალიზეთ ის შეცდომები, რომელიც პირველ მატჩში გვქონდა და ვეცდებით, რომ დღევანდელ თამაშში გამოვასწოროთ. რაც შეეხება მეტოქეს, ირლანდია ძალისმიერი გუნდია, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონშიფში თამაშობენ, აქცენტი ალბათ ძალისმიერ ფეხბურთზე ექნებათ გაკეთებული - კონტრშეტევებით და ფლანგიდან ჩაწოდებებით. ჩვენისმხრივ ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი, ისეთი როგორსაც მაყურებელი ერთა ლიგაზე მიეჩვია.“

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 0:2 დამარცხა. ირლანდიელებმა კი სტუმრად გიბრალტარის ნაკრებს 0:1 მოუგეს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე