"ირინა შეიწირა იმ ხალხმა, ვისთანაც შალვა შავგულიძემ ახლა პოლიტკური ოჯახი შექმნა" - რას ამბობენ სანდრო გირგვლიანის ოჯახში?

19:40 03-25-2019
1827

სანდრო გირგვლიანის ოჯახისთვის, მათი ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ პრაიმტაიმს ირინა ენუქიძის დამ, მაია ენუქიძემ განუცხადა. 

გაოცებული ვარ. რა გითხრათ აბა. ამ დღეებში სრულიად გაოცებულები ვართ. არ ველოდით ასეთ ნაბიჯს, - ამბობს მაია ენუქიძე. 

სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე კი მიიჩნევს, რომ შალვა შავგულიძე ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტკური საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

ძალიან გასაკვირი და გულდასაწყვეტია. პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ ნაბიჯს ბევრი ვერ გადადგამდა და ვწუხვარ, შალვამ ეს რომ შეძლო. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მის პოლიტკურ კარიერაზე პირიქით, უარყოფითად აისახება და ამით ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ მასთან დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია და ცხადია, არც ამ გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდით. შალვა იყო ირინა ენუქიძის ადვოკატი, ირინა კი შეიწირა იმ ხალხმა, ვისთანაც შალვა შავგულიძემ ახლა პოლიტკური ოჯახი შექმნა. დიახ, ეს უკვე ერთი ოჯახია და ჩვენთვის სრულიად გარიყულები არიან. რაც უნდა ის უქნიათ. ვერაფრით წარმოვიდგენდით ასეთ რამეს, - განუცხადა პრაიმტაიმს გოგი ენუქიძემ. 

შეგახსენებთ, რომ კუდის მაღალჩინოსნების მიერ ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა, რომელიც ამჟამად მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანებიდან იყრის კენჭს. 

ცნობისთვის: ყოფილი მმართველი გუნდის ერთმა ნაწილმა 2017 წლის იანვარში ნაციონალური მოძრაობა დატოვა და დამოუკიდებელი პარტია - ევროპული საქართველო ჩამოაყალიბა.