"არა იმიტომ, რომ არ იმსახურებს.." - გედევან ფოფხაძეს ბიძინა ივანიშვილზე უარყოფით კონტექსტში საუბარი არ სურს

13:30 02-25-2019
220

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის ვერ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ყველა რესურსი ამოწურა.

მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში ივანიშვილი იქცა მხარედ და არა მედიატორად.

„ჩვენ ვერ შევთანხმდით მთავარ საკითხზე - გქონდეს განსხვავებული აზრი და ვერ გამოხატო ეს. ჩემი აზრით, დღეს ქართულ პოლიტიკაში ბევრი მარიონეტია. მე კი ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და არა იმ მესიჯების ბრმად გამეორებას, რაც ყველას მოგვდიოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი განცხადებით, თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ ის ივანიშვილზე აგრესიულ რიტორიკას გააგრძელებს, ეს ასე არ იქნება.

„არა იმიტომ, რომ ეს ამას არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ მე არ მაქვს ამის უფლება, რადგან თანამონაწილე ვიყავი იმ პროცესებისა, რომელშიც ყველანი ვიყავით ჩართულები და ბევრ რამეში ვეთანხმებოდი კიდეც ივანიშვილს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

 

გიორგი ფარულავა