"ორი ცხენი მოიპარა, ერთი დაკლა..." - ლანჩხუთში ცხენის ქურდი დააკავეს

13:06 02-11-2019
129

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1955 წელს დაბადებულმა ა.ო. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საძოვრიდან ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილი 2 ცხენი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ შუხუთის მიმდებარედ არსებულ ფერმაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ო.-მ ერთი მოპარული ცხენი დაკავებამდე დაკლა და ხორცი სარეალიზაციოდ გაამზადა. მეორე ცხენი კი, პოლიციამ პატრონს დაუბრუნა, - განაცხადეს უწყებაში.  

შსს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

 

 

ლაშა სარჯველაძე