მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი

15:12 01-18-2019
58

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს  გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა  რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება.

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარება გაზრდილიყო, დაკმაყოფილებულია და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხზე 21 ნოემბერს გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კომუნიკაცია ევროკომისრებთან, სადაც ევროკავშირმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სიიდან ერთადერთ ქვეყანას,  შესთავაზა  აღნიშნული ფორმატი.

„ჩვენ მათთან ერთად გავიარეთ აღნიშნული პროექტები და შესაბამისად, მინდა ჩვენს საზოგადოებას ვამცნო, რომ ეს პორტფელი არის დამტკიცებული. მინდა ყველას მივულოცო და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხების ინვესტირება მოხდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

„კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს  ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ფარგლებშიც, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს მისცემს  ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, მისასალმებელია ევროკომისიის მიერ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნება. საინვესტიციო გეგმის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.