მსოფლიო ლიდერების საინაუგურაციო წესები - ამერიკის პირველი პირები და ევროპული რესპუბლიკები

10:41 12-17-2018
479

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ინაუგურაციის ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებული და ტრადიციულია. შეერთებულ შტატებში ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი ვაშინგტონში ერთსა და იმავე დღეს – 20 იანვარს იმართება,  დრო – შუადღე. ეს სწორედ ის დროა, როცა მოქმედ პრეზიდენტს ოფისში ყოფნის ვადა ეწურება. თარიღი უცვლელია და ის კონსტიტუციით არის დაცული, საკონსტიტუციო ცვლილება ინაუგურაციის გამართვის დროსთან დაკავშირებით 1993 წელს შეიტანეს.

პროცესი ასეთია: ავტომობილი, რომელშიც სხედან ახლად არჩეული და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტები, ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მარჯვნივ ზის, ახალი პრეზიდენტი კი – მარცხნივ, კაპიტოლიუმთან ჩერდება, შენობის დასავლეთ კიბეზე, კონგრესმენებისა და  სენატორების თანდასწრებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეული პრეზიდენტის ფიცს იღებს.  ახლად არჩეული პრეზიდენტი ოჯახის ბიბლიაზე დებს ფიცს: „საზეიმოდ ვფიცავ რომ პატიოსნად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას...“

ფიცის დადების შემდეგ, ფიცს ვიცე-პრეზიდენტი დებს, შემდეგ პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რის შემდეგაც პრეზიდენტის კორტეჟი მიემგზავრება თეთრი სახლისკენ.

ამჯერად უკვე ახალი პრეზიდენტი ზის ავტომობილში მარჯვნივ, ყოფილი პრეზიდენტი კი – მარცხნივ. ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს იმართება პარადი, რომელსაც იღებს ახალი პრეზიდენტი. ის ამ დროს თეთრი სახლის წინ ტრიბუნასთან დგას, ცერემონიის შემდეგ, როგორც წესი, იმართება ოფიციალური მიღებები, უშვებენ ზალპს.

ავტომობილით ერთად მგზავრობის წესი 1837 წლის ინაუგურაციაზე მარტინ ბიურენმა შემოიღო, სწორედ მან მიიწვია საკუთარ მანქანაში სამგზავროდ თავისი წინამორბედი ენდრიუ ჯეკსონი. 1877 წლიდან კი ჯერ კიდევ მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტები ინაუგურაციამდე ერთად ჩაის სვამენ და ერთმანეთს მცირე საჩუქარს უკეთებენ. 

ამერიკის პრეზიდენტები

ინაუგურაციას საფუძველი ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაუყარა და ის უკვე ბევრი ქვეყნისთვის იქცა საზეიმო ღონისძიების ჩატარების მოდელად.

ვაშინგტონის ინაუგურაცია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 100% მიიღო, ნიუ-იორკში იმ შენობაში გაიმართა, სადაც მაშინ კონგრესი მუშაობდა. ცერემონია 1789 წლის 30 აპრილს შედგა. მან ბიბლიაზე დადო ფიცი.

კონგრესი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტობის მოვალეობას ვაშინგტონი ჯერ კიდევ 4 აპრილს შეუდგებოდა, თუმცა, ძალიან ცუდი ამინდის გამო, კონგრესმენებმა ნიუ-იორკში ხმების დასათვლელად მხოლოდ 6 აპრილს ჩააღწიეს. თავად ვაშინგტონი შედეგებს ვირჯინიაში ელოდა, გამარჯვების შესახებ ინფორმაციამ მასთან რამდენიმე დღის შემდეგ ჩააღწია.

ცერემონიალი მაშინ საარტილერიო ზალპებით დაიწყო, ასევე, გაისმა ეკლესიის ზარების ხმაც. სწორედ მან პირველმა წარმოთქვა სიტყვები: „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია“.

ვაშინგტონმა ფიცის დასრულების შემდეგ ბიბლიას ხელი დაადო და წარმოთქვა: „ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“

მას შემდეგ ყველა არჩეული პრეზიდენტი ბიბლიაზე იფიცებს. თუმცა, ეს კანონით სავალდებულო არ არის.

მხოლოდ ერთმა პრეზიდენტმა, ფრანკლინ პირსმა „დაარღვია“ ფიცის სიტყვები – „ვფიცავს“ (swear) ნაცვლად,  წარმოთქვა „ვადასტურებ“ (affirm).

მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა დაწერა სიტყვა დამოუკიდებლად – აბრაამ ლინკოლნმა და თეოდორ რუზველტმა. მათი და ჯონ კენედის გამოსვლები საუკეთესოა.

კენედიმ მოისროლა პალტო, რომელიც ჟესტიკულაციაში უშლიდა ხელს, იმ დღეს ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსი იყო.

სუფთა ჰაერზე გამოსვლის პრაქტიკა უილიამ ჰენრი ჰარისონის შემდეგ დამკვიდრდა – ყველაზე გრძელი, 8000-სიტყვიანი გამოსვლის დროს ის გაცივდა და ერთი თვის შემდეგ პნევმონიისგან გარდაიცვალა.

ვაშინგტონი იყო ერთადერთი, ვისაც ამომრჩეველთა 100%-მა მისცა ხმა, იყო ერთადერთი უპარტიო პრეზიდენტი და ერთადერთი, ვისაც არ უცხოვრია თეთრ სახლში. გულწრფელად ყოყმანობდა, წასულიყო თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადაზე. მესამე ვადაზე კი კატეგორიული უარი განაცხადა. დაწესდა კიდეც, რომ ზედიზედ ორზე მეტი ვადით პრეზიდენტი ვერ გახდები.

მესამე პრეზიდენტი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი თომას ჯეფერსონი იყო აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია თეთრ სახლში გაიმართა. მან, ასევე, კარი გაუხსნა კაპიტოლიუმში ხალხს, ვისაც ინაუგურაციაზე დასწრება სურდა და საფუძველი ჩაუყარა საპრეზიდენტო ესკორტსაც.

ამერიკის პრეზიდენტები არ იყვნენ გულგრილები ცეკვების მიმართ. ჯორჯ ვაშინგტონმა ინაუგურაციის შემდეგ მენუეტი იცეკვა, მეოთხე პრეზიდენტმა ჯეიმს მედისონმა პირველი ოფიციალური მიღება გამართა.

ტექნიკის განვითარებამ მოსახლეობას საშუალება მისცა, ინაუგურაციის პროცესში თავადაც ყოფილიყო ჩართული. თუკი ჯორჯ ვაშინგტონის ფიცის დადება მხოლოდ კონგრესმენებს ესმოდათ, 12 წლის შემდეგ ჯეიმს მედისონის ინაუგურაციაზე მისი სიტყვა უკვე ყველა გაზეთმა დაბეჭდა და მისი წაკითხვის საშუალება ყველას ჰქონდა.

1857 წელს ჯეიმს ბიუკენენი გახდა პირველი პრეზიდენტი, ვისაც ფოტო გადაუღეს. ასე რომ, ამერიკელებს ახლა უკვე საშუალება ჰქონდათ, ინაუგურაციის ფოტოები ენახათ. 40 წლის შემდეგ კი ცერემონიალის კამერით გადაღებაც მოხერხდა. 1925 წელს კი ამერიკელები რადიოთი ისმენდნენ პრეზიდენტის ფიცის დადებას. 1949 წელს გარი ტრუმენის ინაუგურაცია უკვე ტელევიზიით გადაიცა.

 

უილიამ ჰენრი ჰარისონმა 1841 წელს, ამერიკის ისტორიაში, ყველაზე ვრცელი საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა, რომელიც 8500 სიტყვისგან შედგებოდა (მაშინ როცა ჯორჯ ვაშინგტონის საპრეზიდენტო გამოსვლა სულ 135 სიტყვისგან შედგებოდა). ის გაცივდა, პნევმონიით დაავადდა და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ჯონ ტაილერმა საპრეზიდენტო ფიცი ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ დადო. ჰარისონი ამერიკის პრეზიდენტი 32 დღის განმავლობაში იყო. ტაილერმა ამის გამო საინაუგურაციო ცერემონია ვერ ჩაატარა, ისევე როგორც ჯონ კენედზე თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტად არჩეულმა ლონდონ ჯონსონმა ფიცი პრეზიდენტის თვითმფრინავთან დადო, როცა ის ვაშინგტონში მიემგზავრებოდა.

ინაუგურაციებს შორის გამოყოფენ 1873 და 1973 წლების ცერემონიალებს, როცა ქუჩებში უამრავი დახოცილი ფრინველი ეყარა. პირველ შემთხვევაში მათ ზამთრის მკაცრი ამინდები ვერ გადაიტანეს, მეორედ კი ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა შხამქიმიკატებმა დახოცა.

თეოდორ რუზველტმა საერთოდ უარი თქვა რაიმე წიგნზე ფიცის დადებაზე 1901 წელს, მეექვსე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა ბიბლიაზე ხელის დადებაზე უარი თქვა და მის ნაცვლად ამერიკის კანონების კრებული მოითხოვა.

ევროპის სადა ინაუგურაციები

ძველ რესპუბლიკებში ინაუგურაციები გაცილებით მოკრძალებულია. აქ ეტალონად საფრანგეთის რესპუბლიკა მიიჩნევა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის ინაუგურაციის მთავარი ცერემონიალი 2020 წლის 17 მაისს ელისეიზე არსებულ საპრეზიდენტო სასახლეში, საზეიმო ღონისძიებების დარბაზში გაიმართა. შირაკის თხოვნითვე ცერემონიალი მაქსიმალურად შეამოკლეს. ინაუგურაციას მხოლოდ აუცილებელი და სავალდებულო პირები ესწრებოდნენ. ეს იყვნენ მთავრობის წევრები, დეპუტატები, მაღალჩინოსანი სამხედრო პირები და სასულიერო პირები. ცერემონიალის დროს შირაკს გადასცეს საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯაჭვის  უმაღლესი ხელისუფლების ატრიბუტი. ცერემონიალის შემდეგ შირაკი სასახლის ეზოში გადის, სადაც მას ნაციონალური გვარდია ესალმება. ღონისძიება ზალპით სრულდება.

ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო რელიგია მოქმედებს, მაგალითად, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი, იქ ინაუგურაციას ემატება რელიგიური ელემენტები – ჯვარზე მთხვევა და ბიბლია.

აღმოსავლეთ ევროპაში საპრეზიდენტო ინაუგურაციების ტრადიციებს საფუძველი ახლა ეყრება.

დსთ-ს ქვეყნებში ცერემონიალი რუსულ მოდელს უფრო იმეორებს, ცენტრალურ აზიაში ის უფრო მეტი პომპეზურობით გამოირჩევა, აქ ერთმანეთს ევროპული და ტრადიციული ელემენტები ერწყმის.