თბილისის ბიუჯეტი ერთი მილიარდი ლარი იქნება (EXCLUSIVE)

14:36 12-10-2018
116

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

2019 წლის თბილისის ბიუჯეტმა პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ის ორიენტირებულია მომავალზე, სოლიდური ფინანსებია გამოყოფილი დედაქალაქის განვითარებაზე და მის მოდერნიზაციაზე. ინერგება ჭკვიანი სისტემები. ასე რომ, ცხოვრება და გადაადგილება მოსახერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, 2019 წელს თბილისის ბიუჯეტი მილიარდი ლარი გახდება, როგორც ამას კახა კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ითვალისწინებდა.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში ირაკლი ხმალაძემ ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა:

2019 წლის ბიუჯეტი, თუ მისი ოდენობიდან გამომდინარე შევხედავთ, და ყველა შემთხვევაში ასე უნდა შევხედოთ, უპრეცედენტოა. საკრებულოში ჩვენ 921 მილიონის მოცულობის ბიუჯეტი შეგვაქვს, ასეთი ზრდა აქამდე არ ყოფილა.

გადავხედოთ ციფრებს. 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 861 მილიონით და მერე წლის განმავლობაში დამატებითი სახსრებით ცენტრალური ბიუჯეტიდან შეივსო 900 მილიონამდე. ანუ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს.

წლიდან წლამდე ბიუჯეტი ყოველთვის იზრდებოდა ხოლმე, მაგრამ ამხელა მოცულობის ზრდა, რომელიც ახლა 2018 და 2019 წლებს შორის ფიქსირდება, არასდროს ყოფილა. 2017 წელთან შედარებითაც კი, როცა მერიაში კახა კალაძე მოვიდა, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებთ 100 მილიონით გაიზარდა. ახლა უფრო მეტი ზრდა გვაქვს.

მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტი არის  ქალაქის განვითარების უმთავრესი წყარო.

ბიუჯეტის მეტი ოდენობა ნიშნავს მეტ საშუალებას და რესურსს იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით თანხების მეტი მობილიზება მოხდეს. აქ ვგულისხმობ როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე ეკოლოგიას...  

ეს ზრდა რამ გამოიწვია? „სითი პარკის“ შემოერთებამ ძირითადად?

ეკონომიკის ზრდის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები დაახლოებით 55 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროდან დამატებითი თანხების გარეშე რომ ვიანგარიშოთ 2018 და 2019 წლების ბიუჯეტები, ვნახავთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის შემოსავლებმა შეადგინა 815 მილიონი, 2019 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი უკვე 870 მილიონია. ეს უკვე ნიშნავს იმას, მუნიციპალიტეტმა ეკონომიკური ზრდის შედეგად შეძლო 55 მილიონი ლარით მეტი თანხის მიღება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ქონების გადასახადი, უფრო მეტი მოსაკრებელი შემოვიდა ბიუჯეტში, რის შედეგადაც ის 55 მილიონით გაიზარდა.  

მაინც რა იგულისხმება ეკონომიკის განვითარებაში?

ეკონომიკურ გაუმჯობესებასაც აქვს სხვადასხვა კომპონენტები, მე ვთქვი, გადასახადები შემოვიდა მეტი ბიუჯეტში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გადასახადი გაიზარდა, არამედ იმას, რომ მეტი ქონება შეიქმნა მუნიციპალიტეტში. ამან გამოიწვია მეტი ქონების გადასახადი, უფრო მეტი ბიზნესაქტივობა განხორციელდა, შედეგადაც უფრო მეტი მოსაკრებელი შემოვიდა მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ცენტრალურ მთავრობასთან საკმაოდ აქტიური კონსულტაციების შედეგად ინფრასტრუქტურებისთვის დამატებითი თანხების მიღება მოვახერხეთ, რაც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია.

ასე რომ, ჩვენ 921-მილიონიან ბიუჯეტს კი წარვადგენთ, მაგრამ 2019 წლის განმავლობაში ის მილიარდს აუცილებლად გასცდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ მილიარდი იქნება თბილისის ბიუჯეტი?

აუცილებლად! სხვათა შორის, ეს კახა კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაც იყო. ეს თანხები მოხმარდება ქალაქს და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თქვენი სიტყვები ბიუჯეტთან? ერთი მხრივ, თქვენ საუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, მეორე მხრივ კი, ბიუჯეტში დაგეგმილია სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, მე ეს ასე მესმის: ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჭირდა ბიუჯეტიდან დახმარება.

არა, ეს ასე არ არის. თუმცა, ჯერ ის ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს სოციალური და ჯანდაცვის პროექტებიც და ეკონომიკაც. მარტო სოციალური პროექტების დაფინანსება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში შექმნის პრობლემას შემოსავლები აღარ გვექნება თუნდაც იმავე სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ამიტომაც სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა ეკონომიკასა და სოციალურ პროექტებზე გაწეული ხარჯების ბალანსს გულისხმობს. როდესაც გეზრდება ეკონომიკა და როდესაც ზრდი ქალაქში ეკონომიკას, ეს გაძლევს პარალელურად იმის საშუალებას, რომ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებითაც გაზარდო დაფინანსება.  

სოციალური პროგრამების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ქალაქში გაჭირვებულთა რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით ხარჯები 2018 წელს 306 მილიონი გვქონდა, 2019 წლის ბიუჯეტში 330 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. ძირითადი ნაწილი საბავშვო ბაღების დაფინანსებაზე მოდის. მოგეხსენებათ, თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ. იცით, რომ ბაღები არის უფასო, შესაბამისად, ის ითხოვს დამატებითი სახსრების გამოყოფას. დიახ, ეს სოციალურ პროგრამაში შედის, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ მშობელს ბავშვის ბაღში უფასოდ ტარების საშუალებას ვაძლევთ, შესაბამისად, ეს სოციალურ პროგრამაში შედის. ამდენად, დაახლოებით 20 მილიონი ლარით გაიზარდა ბაღების დაფინანსება.

ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით გაიზარდა რამდენიმე პროგრამა, მათ შორის, დაფინანსდა ძუძუს კიბოს მედიკამენტები, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტები, დანგრეული სახლების მესაკუთრეების დაფინანსებაც გაიზარდა, ისევე როგორც გაიზარდა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების ოდენობაც. 

სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტად მაინტერესებს ის პროექტები და ფინანსები, რომლებიც ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. სოციალური პროექტები საჭიროა, თუმცა, მგონია, რომ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბიუჯეტი როგორ არის დაგეგმილი? რა გაკეთდება იმისთვის რომ ჩემთვის ქალაქში გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს?

ამ მიმართულებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ჩვენ მოქალაქეებისთვის კომფორტის შექმნაზეც ვართ ორიენტირებული. ქუჩა უნდა იყოს ლამაზი და რაც მთავარია, უსაფრთხო.

პროცენტულად რომ შევადაროთ, ქალაქის განვითარებისა და სოციალური სფეროსკენ მიმართული ფინანსების ბალანსი როგორია?

 მილიარდიანი ბიუჯეტის შემთხვევაში ქალაქის განვითარებისთვის ბიუჯეტის 44% იქნება გამოყენებული, სოციალურ პროექტებზე კი 33% დაიხარჯება... ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019 წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ისეთი პროექტებია დაგეგმილი, რომლებიც შესამჩნევი და თვალშისაცემი იქნება ყველასთვის: გაკეთდება ახალი გზები, ახალი ხიდები. მოხდება ძველის რეაბილიტაცია, გალამაზდება მახინჯი ფასადები.

ჩვენთვის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ რომ მოვედით, ამ მიმართულებით ბიუჯეტში მხოლოდ 6 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ჩვენ გავზარდეთ 8-9 მილიონამდე, 2019 წელს კი 26 მილიონი დავგეგმეთ გამწვანებისთვის...

ასე რომ, თითოეული ქუჩის რეაბილიტაცია ხდება კომპლექსურად. ეს მარტო ასფალტის საფარის გამოცვლა და დახაზვა, არ არის, არამედ ხდება ტროტუარებისა და  ბორდუირების მოწყობა, განათების შეცვლა, სადენების მიწაში ჩადება და გამწვანების მოწესრიგება. ეს არის ზუსტად ევროპული ტიპის რეაბილიტაცია. ხომ ნახეთ, სააკაძის მოედანი როგორ არის გამწვანებული?

ქუჩა უნდა იყოს ლამაზი. ამის შედეგად მიმდებარედ განთავსებული უძრავი ქონების ღირებულებაც იზრდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მოსარგებლეები არიან ისევ და ისევ მოქალაქეები.

ლამაზი და ევროპული ქალაქი, მაგრამ რამდენად სმარტი ქალაქი გვექნება? ამ მიმართულებით ბიუჯეტში არის რამე გათვალისწინებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აწყობილი?

რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ვერ ნახავთ მუხლს, რომელსაც აწერია: სმარტი ქალაქისთვის, თუმცა, ყველა რეფორმა, რაც კი ტარდება, სმარტის ელემენტებს ითვალისწინებს.  მაგალითად, ახლა უცებ რაც მომაგონდა ეს ტაქსების რეფორმაა, ჩვენ  23 ათას ტაქსზე გავეცით ნებართვა. ამისთვის კი ნებართვების განყოფილება მერიაში არ შეგვიქმნია, შევქმენით ჭკვიანი სისტემა.

მოქალაქეს შეუძლია მერიის თანამშრომლის დანახვის გარეშე ნებართვის აღება, გაუქმება, ან ლიცენზიაში ცვლილების შეტანა. ტაქსით მოსარგებლემაც რომ იგრძნოს თავი დაცულად, მათთვის ტაქსებში გამოკრული იქნება სალიცენზიო კოდი, სმარტფონის მიდებით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ, ვინ არის მძღოლი, რა მანქანაში ზიხართ და როგორია მისი პარამეტრები.

შენი იდეა ქალაქის მერს, ესეც ხომ ჭკვიანი სისტემაა, ადრე თუ მოგიწევდა მობრძანება მერიაში, განცხადების დაწერა, ახლა თქვენი ინიციატივა ავტომატურად ვარდება ხმის მიცემის რეჟიმში და თუ 2 500 ადამიანმა მოიწონა ეს იდეა, ავტომატურად მიდის მერთან

კალაძე ამ ინიციატივებს პირადად ეცნობა?

დიახ, აუცილებლად კითხულობს. ყველა რეფორმაში, რომელსაც კი ვატარებთ, ყველგან არის ჭკვიანი სისტემები გათვალისწინებული. მაგალითად, ზონალური პარკირება ავიღოთ. ჩვენ უფრო ახალ სისტემას ვნერგავთ, ვიდრე ეს ევროპაშია. ევროპაში პარკირებას რომ იყიდი, ფული აპარატით უნდა გადაიხადო, ქვითარი აიღო და დადო მანქანის საქარე მინასთან, რომ ინსპექტორმა შეამოწმოს, ჩვენი სისტემა სრულიად ავტომატიზებული იქნება, ქვითრის აღებაც არ მოგიწევს, ტელეფონის აპლიკაციით შეძლებ ამ ოპერაციის განხორციელებას და ინსპექტორი მანქანის ნომერს რომ შეიყვანს, სისტემა აჩვენებს მას, კონკრეტული მანქანა გადახდის რეჟიმში იმყოფება თუ არა. შესაძლებელი იქნება ფეიბოქსიდან გადახდაც, თუმცა, ქვითრის საქარე მინაზე დამაგრება არ მოგიწევთ, ინსპექტორს მონაცემებს სისტემა ავტომატურად მიაწვდის. ასევე, თუკი მანქანა სახლთან გიყენიათ და გადახდა არ გეკუთვნით, ამ ინფორმაციას ინსპექტორს, ასევე, მიაწვდის სისტემა.

ასეთია ჭკვიანი სისტემები და მისი დანერგვა სხვა პროექტებშიც არის გათვალისწინებული.