ბათუმი ევროპის სპორტულ ქალაქად დასახელდა

23:51 09-23-2018
57

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების ასოციაციის მიერ 2019 წელს ბათუმი დასახელდა ევროპის სპორტულ ქალაქად,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მსოფლიოს 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

„ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების ასოციაციის მიერ 2019 წელს ბათუმი დასახელდა ევროპის სპორტულ ქალაქად. ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვინაიდან ის ახდენს ერთის მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ჩვენი ქალაქის პოზიციონირებას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით“,- განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქად ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული.

„ჩვენი ქალაქი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული ამ უმნიშვნელოვანესი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქად. აჭარას უმაღლესი დონის საერთაშორისო ოლიმპიადების და ტურნირების მართლაც რომ დიდი გამოცდილება აქვს. იგი არაერთხელ იყო მსოფლიო საჭადრაკო ტურნირების მასპინძელი ქალაქი.

უნდა აღინიშნოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმი იქნებოდა საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. აშენდა მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში უმასპინძლებს არაერთ მნიშვნელოვან საჭადრაკო პაექრობას.

მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყება ყველა მონაწილეს. მიხარია, რომ ოლიმპიადაში ასპარეზობასთან ერთად თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა მოინახულოთ ჩვენი ქალაქი, რეგიონის ღირშესანიშნაობები და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს.