მთავარი პროკურორის ასარჩევად საპროკურორო საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბება (exclusive)

15:08 07-09-2018
46

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად ოთხშაბათს შეიკრიბება.

საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით იუსტიციის მინისტრის მიერ შერცეული სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ.

საბჭოს წევრებს არჩევანის გაკეთება შალვა თადუმაძეს, შალვა შავგულიძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის მოუწევს, რომლებიც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ 6 ივლისს წარადგინა. 

დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე დღუპული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა პროკურატურასთან მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. პროტესტი მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ ვერ დაადგინა პირი, რომელმაც 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლა ზაზა სარალიძის შვილი, დავით სარალიძე.