რა არის კოკსაკი - ვირუსი, რომლითაც, თურქეთში 500-მდე ტურისტია ინფიცირებული

18:53 08-15-2017
3170

კოკსაკის ვირუსი - დაავადება, რომლითაც, თურქეთში 500-მდე ტურისტია ინფიცირებული, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. დღეს სოციალურ ქსელში ფოტომასალა გავრცელდა, რომელზეც ასახულნი არიან პაციენტები, წითელი გამონაყარით.

აღსანიშნავია, რომ კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა, ოფიციალური უწყებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ.

სიმპტომები: გამონაყარი ხელისა და ფეხის გულზე, ასევე პირის ღრუში, მაღალი ტემპერატურა, დიარეა და პირღებინება.

აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არავითარი რეკომენდაციები არ გაუცია, შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, თურქულ კურორტებზე კოკსაკის ვირუსით ქართველი ტურისტების დაავადების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები საქართველოს ზღვის კურორტებზეც არ დაფიქსირებულა.

„არავითარ საშიშროებას არ წამოადგენს, ეს არ არის ის, რომ ერთ ქვეყანაში არის და სხვა ქვეყანაში არ არის. ყველა ქვეყანაშია, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე.

საუბრობენ იმაზეც, რომ რუსულმა პრესამ თემა გააზვიადა და სინამდვილეში თურქეთის ყველაზე ცნობილ კურორტებზე ეპიდემიის საფრთხე არ არის.

                      რა არის კოკსაკი – “ხელი-ფეხი-პირი” (Hand-Foot-and-Mouth)

კოკსაკი ენტეროვირუსული ინფექციაა, ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემა ხდება ჰაერ–წვეთოვანი ან ფეკალურ–ორალური გზით.

უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია სეზონურობა – უფრო ხშირია ავადობა ზაფხულში და გაზაფხულზე. გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი (რამდენიმე წლამდე).

 შეგახსენებთ, რომ  კოქსაკის ვირუსი (Coxsackievirus), Picornaviridae-ს ოჯახის, Enterovirus-ის გვარის რნმ-გენომიანი ვირუსია. იყოფა A და B ჯგუფებად. 

A კოქსაკის ვირუსები ადამიანში იწვევენ ჰერპანგინას, პოლიმიელიტისმაგვარ დაავადებას, დიარეას ბავშვებში და ა.შ.

B კოქსაკის ვირუსები იწვევენ პოლიომიელიტისმაგვარ დაავადებას, ენცეფალიტს, მიოკარდიტს, პლევრო დინიას.

ვირუსი გამოყოფილ იქნა 1948 წელს, ქ. კოქსაკის (აშშ) ჰოსპიტალში, პოლიომიელიტისმაგვარი დაავადებით შეპყრობილი ბავშვების კუჭ-ნაწლავიდან.

კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსულ ჯგუფს მიეკუთვნება და გარეგნულად ძალიან ჰგავს ქუნთრუშას. ვირუსის პირველი შემთხვევა გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკის ქალაქ კოკსაკში დაფიქსირდა. ვირუსი თავიდან გაციების მსგავსად იწყება, რომელსაც თან ახლავს წითელი გამონაყარი. დაავადება როგორც წესი  მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც 3-5 დღეს გრძელდება. პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი.  ხელისა და ფეხის გულებზე არსებულ გამონაყარს, ხშირად თან სდევს ქავილიც და სწორედ ამიტომ მისი არევა ქუნთრუშასთან ძალიან ადვილია. 

ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებსა და სკოლებში. ვირუსის პირველი ობიექტები მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება მხოლოდ ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავის შენარჩუნებითაა შესაძლებელი. 

დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს, რომ  ის კოკსაკის ვირუსია თუ ქუნთრუშა. ვინაიდან ზემოთ აღნიშნულ ვირუსს სჭირდება სიმპტომური მხურნალობა, ხოლო ქუნთრუშას - ანტიბიოტიკური, თვითმკურნალობა დაუშვებელია. ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ თვითმკურნალობამ ამ შემთხვევაში შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე