მსოფლიოს უძველესი ბუმერანგი იმაზე 10 ათასი წლით ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, მაგრამ სროლის შემდეგ უკან არ ბრუნდება

ბუმერანგი

მეცნიერებისთვის ცნობილი უძველესი ბუმერანგი იმაზე უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე მათ ადრე ეგონათ. ეს აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას იმაზე თუ რამდენად გამჭრიახები იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომლებიც ათობით ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.

ბუმერანგი პოლონეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში 1985 წელს აღმოაჩინეს. ცოტა ხნის წინ ის მეცნიერთა ჯგუფმა პოლონეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ბრიტანეთიდან დეტალურად შეისწავლა. ახალი შეფასებით, არტეფაქტის ასაკი შესაძლოა 40 ათას წელს აღწევდეს. ის გასაოცარი ოსტატობით, მამონტის ეშვისგანაა დამზადებული. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სროლისას ბუმერანგი კარგად დაფრინავს, თუმცა უკან არ ბრუნდება.

სავარაუდოდ, მას ნადირობისთვის იყენებდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ძველი ადამიანებისთვის ის კულტურულ ან მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენდა. შესაძლოა მას რაღაც რიტუალებშიც იყენებდნენ.

თავიდან მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ობიექტი 30 ათასი წლის წინ დაამზადეს, მაგრამ რადიოკარბონული დათარიღების მეთოდის გამოყენების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ასაკი 39 ათასიდან 42 ათას წლამდე მერყეობს.

„ეს მსოფლიოში უძველესი ბუმერანგია და ერთადერთი, რომელსაც ასეთი ფორმა და სიგრძე აქვს“, - აღნიშნა სარა ტალომომ ბოლონიის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ბუმერანგი მშვენიერ წარმოდგენას გვიქმნის ძველი ადამიანების ჩვევებზე და იმაზე თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ჰომო საპიენსებს 42 ათასი წლის წინ.

ბუმერანგები, ჩვეულებრივ, ავსტრალიის აბორიგენების კულტურასთან ასოცირდება. თუმცა ავსტრალიის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი იშვიათი ბუმერანგები მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სხვა კონტინენტებზეც იყენებდნენ. ავსტრალიაში ნაპოვნი უძველესი ბუმერანგი დაახლოებით 10 500 წლის წინ, ხისგან არის დამზადებული.