მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა

სისხლის ჯგუფი

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სისხლის ჯგუფი ახალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტებმა მილანში გამართულ სისხლის გადასხმის საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს.

68 წლის ქალი გვადელუპადან ამ დროისთვის ერთადერთი ცნობილი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს სისხლის ჯგუფი აქვს. ჯგუფს Gwada negative უწოდეს.

მეცნიერებმა ქალი პირველად 2011 წელს გაიცნეს, როდესაც ის პარიზში ცხოვრობდა და ოპერაციის წინ რუტინულ ანალიზებს იტარებდა. ექიმებმა მისი სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ვერ შეძლეს და შესაბამისი შეწყვილებული სისხლიც ვერ მოიძებნა. იმ დროს არსებული ანალიზის მეთოდები საკმარისად განვითარებული არ იყო იმისთვის, რომ ქალის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა შესაძლებელი ყოფილიყო, და საქმე რვა წლის განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა.

2019 წელს მკვლევრებმა გამოიყენეს გენების მაღალი გამტარობის სეკვენირების ანალიზი, რომელიც DNA-ის სწრაფი და ღრმა ანალიზი ჩატარების საშუალებას იძლევა. მათ თავიდან შეისწავლეს ქალის სისხლი, რასაც ორი წლის განმავლობაში დეტალური კვლევა მოჰყვა - გუნდმა მისი სრული გენომი გააშიფრა.

ადამიანის სისხლის ჯგუფის სისტემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს კლასიფიკაციები შეეხება ანტიგენებს - ცილებსა და შაქრებს, რომლებიც ერითროციტების ზედაპირზე მდებარეობს და რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება. ავსტრიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა, კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს პირველმა აღწერა ყველაზე ცნობილი ABO სისტემის ჯგუფები, რაც 1930 წელს ნობელის პრემიის მოპოვებით დაუფასდა.

სისხლის ჯგუფების კლასიფიკაციაში მეორე ყველაზე ცნობილი რეზუსის სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, აქვს თუ არა ადამიანის სისხლის უჯრედებს სპეციალური ანტიგენი, რომელიც „რეზუს ფაქტორის“ (Rh factor) სახელით არის ცნობილი. ამ ნიშნით ადამიანი კლასიფიცირდება როგორც Rh-დადებითი ან Rh-უარყოფითი.

ABO და Rh სისტემების კომბინაცია სისხლის რვა ძირითად ჯგუფს ქმნის, რომლებიც ყველაზე ფართოდ არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, სინამდვილეში არსებობს ათობით ნაკლებად ცნობილი სისხლის ჯგუფის სისტემა, რომლებიც უფრო იშვიათია და გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ.

თვის დასაწყისში სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ Gwada negative საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა, როგორც რიგით 48-ე სისხლის ჯგუფი.