"წმინდა მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა" - ბერი პაისის მნიშვნელოვანი დარიგებები

paisi

"იმისათვის, რომ სნეული გამოჯანმრთელდეს, მსხვერპლი უნდა გაიღო!" - გვირჩევს წმინდა პაისი მთაწმინდელი. ამ წმინდა ბერძენი მამის შეგონებები მორწმუნეთ კიდევ უფრო აძლიერებს და ავსებს რწმენით. 

თუ ჯერ ისევ არ გინახავთ მასზე გადაღებული სერიალი "ფარასადან ზეცაში", გირჩევთ ნახოთ. 

ბერ პაისთან ხშირად მიდიოდნენ ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული ადამიანები, წმინდა მამა კი ასეთ რამეს ამბობდა:

"თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არა აქვს. თუ გულხელდაკრეფილი ვზივარ და ვამბობ: „ღმერთო ჩემო, გევედრები, განკურნე ესა და ეს ავადმყოფი!“ თავად მე კი ამ დროს არანაირ მსხვერპლზე არ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩემს კეთილ სურვილებს გამოვთქვამ (ანუ სიტყვებს ქარს ვატან). ხოლო, თუკი სიყვარული მაქვს, თუკი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრისტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სხვას წაადგება.

ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისგან გათავისუფლდნენ.

მოვა ჩემთან ზოგიერთი და მთხოვს: „განმკურნე, შევიტყვე, რომ ჩემი დახმარება შენ შეგიძლია“. თუმცა, ეს ადამიანები ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე ცდილობენ, დახმარება მიიღონ. მაგალითად, შენ ეუბნები ადამიანს: „ტკბილს ნუღარ ჭამ, გაიღე ღვთის წინაშე ეს მსხვერპლი, რომ იგი დაგეხმაროს“. ის კი გპასუხობს: „რატომ, განა ღმერთს დახმარება უმსხვერპლოდ კი არ შეუძლია?“ ამგვარად, ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ, მსხვერპლი თუნდაც საკუთარი თავისათვის გაიღონ. აბა, სხვისთვის როგორღა გაწირავენ თავს?! მაგრამ არიან ისეთებიც, ტკბილს რომ არ ჭამენ მხოლოდ იმისათვის, რომ ღმერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს დაეხმაროს, ან - საერთოდ რომ არ იძინებს, რათა ქრისტემ ცოტაოდენი ძილი უწყალობოს უძილობისგან გატანჯულ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით ასეთი კაცი ღმერთის მონათესავე ხდება. და მაშინ ღმერთი ადამიანებს თავის მადლს ანიჭებს.

როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ რომელიმე ავადმყოფი ახლობლისთვის ლოცვა არ შეუძლია, ვურჩევ, რომ ამ ავადმყოფი ახლობლისთვის მსხვერპლი გაიღოს, გაიღოს მსხვერპლად რაღაც ისეთი, რაც პირადად მის ჯანმრთელობას ავნებს.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ადამიანი გერმანიიდან მოვიდა. მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც თანდათანობით პარალიზებული ხდებოდა. ექიმებმა მასზე ხელი აიღეს. საბრალო მამა სრულ სასოწარკვეთილებას განიცდიდა.

„შენი შვილის ჯანმრთელობისათვის რამენაირი მსხვერპლი გაიღე. მეტანიების აღსრულება შენ არ შეგიძლია, ლოცვა შენ არ შეგიძლია, აბა, სხვა რა უნდა გააკეთო?!. კარგი: რამდენ ღერ სიგარეტს ეწევი დღეში?“ „ოთხ-ნახევარ კოლოფს“ - მიპასუხა მან.

„დღეში ერთი კოლოფი მოსწიე, ხოლო ის ფული, რომელსაც სამ-ნახევარ კოლოფზე ხარჯავდი, რომელიმე ღატაკს უწყალობე“, - ვუთხარი მას.

„მამაო, ოღონდაც ჩემი შვილი გამოჯანმრთელდეს და მოწევას საერთოდ დავანებებ თავს“, - მითხრა ამ კაცმა.

„არა, როდესაც ის გამოჯანმრთელდება, ამას უკვე ფასი აღარ ექნება, მოწევა ახლავე უნდა მიატოვო. დაანებე თავი სიგარეტს, ნუთუ შვილი არ გიყვარს?!“, - შევეპასუხე მე.

„ჩემი შვილი არ მიყვარს? მე ხომ მისი გულისათვის შემიძლია, მეექვსე სართულიდან გადავხტე“, - მომიგო მან. „იმას კი არ გეუბნები, მეექვსე სართულიდან გადახტი-მეთქი, ასე ხომ შენს შვილს უპატრონოდ დატოვებ და თვითონაც სულს წააგებ, არამედ გირჩევ, რომ მოწევა მიატოვო და მიატოვო პირდაპირ ახლავე“ - ვეუბნებოდი მე.

მაგრამ მას მოწევაზე უარის თქმა არაფრით არ სურდა და ბოლოს და ბოლოს ჩემგან ატირებული წავიდა.

აბა, ასეთი ადამიანის დახმარებას როგორ შეძლებ? მაგრამ ისინი, ვინც მისმენენ, შეწევნას აუცილებლად იღებენ.

მეორედ კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც ფეხით სიარულისაგან სული ეხუთებოდა. მივხვდი, რომ ბევრს ეწეოდა და ვუთხარი: „ახირებული კაცი ხარ, ამდენს რატომ ეწევი?! ასე ხომ ავად გახდები?!“

ცოტა რომ დაისვენა, მითხრა: ჩემი ცოლი ძალიან ავადაა და შეიძლება მოკვდეს, გევედრები, ილოცე, რომ სასწაული მოხდეს, ექიმებმა თავიანთი უძლურება აღიარეს.

„გიყვარს შენი ცოლი?“ - ვკითხე. „მიყვარს“, - მიპასუხა. „მაშ რატომ არ გინდა, რომ თავად შენ დაეხმარო მას. თვითონ გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო, ექიმებმაც ყველაფერი იღონეს. შენ ახლა მოხვედი ჩემთან და მთხოვ, რომ მეც გავაკეთო ყველაფერი ის, რაც შემიძლია ანუ, ვილოცო, რომ ღმერთი დაეხმაროს. მაგრამ, შენ რა გააკეთე იმისათვის, რომ დახმარებოდი?!“

„მე რისი გაკეთება შემიძლია, წმინდაო მამაო?“- გაუკვირდა მას.

„თუ მოწევას თავს დაანებებ, შენი ცოლი გამოჯანმრთელდება“.

ამ დროს ვფიქრობდი: თუკი ღმერთი დაინახავს, რომ მისი ცოლისთვის გამოჯანმრთელება სულიერად სასარგებლო ვერ იქნება და ამიტომ მას არ განკურნავს, ეს კაცი ხომ მაინც მიატოვებს მოწევას და ყველა იმ ბოროტებისაგან გათავისუფლდება, რაც თამბაქოს მოაქვს.

გავიდა ერთი თვე და ეს ადამიანი ჩემთან გახარებული, მადლობის სათქმელად მოვიდა.

„წმინდაო მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა“, - მახარა მან. ცოტა ხნის შემდეგ მან კვლავ მომნახა. ძალიან აღელვებული იყო და მიამბო, რომ ნელ-ნელა კვლავ დაიწყო მოწევა და ცოლი ისევ მძიმედ ჰყავდა ავად. მაშინ ვუთხარი: „ახლა უკვე თავად იცი წამალი, თავი ანებე მოწევას“.