1692302192
უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოში უკრაინის საელჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეები ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მუშაობენ ათობით უკრაინელის პრობლემის გადაჭრაზე, რომლებიც რუსეთის პენიტენციურ დაწესებულებებში აღმოჩნდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტირებულნი იყვნენ, რა დროსაც საქართველოს საზღვარზე ჩარჩნენ.
„საქართველოში უკრაინის საელჩოს საკონსულო თანამშრომელი საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ესტუმრა, რათა შეხვედროდა სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელს და მიეტანა ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინელი დიპლომატები პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ“, - აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დააზუსტეს, რომ „საელჩოსა და ქართული მხარის მიერ შეთანხმებული კონტროლირებადი ტრანზიტის მექანიზმის წყალობით, 21 ივნისს სამი ასეთი უკრაინელი მოლდოვაში გადაიყვანეს, 25 ივნისს კი კიდევ ცხრა. 27 ივნისისთვის დაგეგმილია მორიგი რეისი ჩვენი 14 თანამემამულისთვის“.
„საქართველოში უკრაინის საელჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეები ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით, ასევე მათი ყოფნისთვის შესაბამისი პირობები შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.