1692302192
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც სამართლებრივ საკითხებზე საუბრობ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, ვერანაირ ხარვეზს ვერ მიუთითებ და მაინც ასეთი დასკვნები გამოგაქვს, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გასამართი დებატების საკითხს ეხმიანება.
მისივე თქმით, პოლიტიკური შანტაჟია, როდესაც სამართლებრივ საკითხებზე ვერანაირ ხარვეზს ვერ მიუთითებენ და მაინც პირთა პოლიტიკური დევნის შესახებ საუბრობენ.
„როდესაც სამართლებრივ საკითხებზე საუბრობ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში - როდის შეიძლება, ადამიანზე ან ქვეყანაზე თქვა, რომ ის ლახავს ადამიანის უფლებებს; როდესაც შენ დასაბუთებულად მიიჩნევ და დაასაბუთებ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული იყო, დარღვეული იყო ქვეყანაში პროცედურები ადამიანის დაკავების, დაპატიმრებისა და გასამართლებისა, მაშინ ამას შეგიძლია, მოაყოლო, რომ ეს იყო ყოვლად უკანონო, უსამართლო და ამდენად, ეს არის პოლიტიკური დევნა.
როდესაც ამაზე არაფერს ამბობ, ვერანაირ ხარვეზს ვერ მიუთითებ და მაინც ასეთი დასკვნები გამოგაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დაანონსებულია, რომ სხდომაზე გაკეთდება მოწოდება პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.