საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება I მოსმენით განიხილა

აკაკი ალადაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე I მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის აკაკი ალადაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ეყოლება პირველი მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში
, შეასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით, ერთი მხრივ, აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, გაურკვეველი იყო, თუ რომელი მოადგილე შეითავსებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას. მეორე მხრივ, წინამდებარე ცვლილებით გაძლიერდება საგამოძიებო სამსახურის მართვადობა, მოქნილობა და უზრუნველყოფილი იქნება მისი ეფექტური ფუნქციონირება.