საერთაშორისო წესრიგი სულ უფრო ეფუძნება საღ აზრს, აშშ-ის პრეზიდენტი საღი აზრის კაცია, ახალი ომები ხდება უფრო მოკლე, ხოლო ძველ ომებს საწვავი ეწურებათ - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უკავშირდება არა უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკას და კონკურენტუნარიანობის დაკარგვას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მისვლისას განაცხადა.

„ნამდვილი საფრთხე არ უკავშირდება უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკას და ჩვენი კონკურენტუნარიანობის დაკარგვას გლობალურ ვაჭრობაში. ეს არის ჩვენი პრობლემა“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს რუსეთს რეალურ საფრთხედ, რადგან, მისი თქმით, „ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ“.

ნატო-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ნატო-ს არაფერი ესაქმება უკრაინაში.

„ნატო-ს არაფერი ესაქმება უკრაინაში. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, არც რუსეთი. ჩემი ამოცანაა, შევინარჩუნო ეს ასე“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის პოლიტიკა

„საერთაშორისო წესრიგი უფრო მეტად ეფუძნება საღ აზრს და აშშ-ის პრეზიდენტი არის საღი აზრის კაცი, როგორც ახლახან იხილენ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მართვისას. ის არის საღი აზრის კაცი, რაც ნიშნავს, რომ ახალი ომები ხდება უფრო მოკლე, ხოლო ძველ ომებს ეწურებათ საწვავი, რაც არის მისი ქმედებების შედეგი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.