ალექსანდრე წულაძე „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს: აქ თქვენ მოისმენთ საგმირო ისტორიებს პირადად ქართველი სამხედროებისგან – მჯერა, ბანაკის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო იამაყებთ საკუთარი ქვეყნით

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე წულაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში ეროვნული იდენტობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების კუთხით ბანაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის, მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ წელს კვლავ იმართება „ჯარის ბანაკი“. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანისთვის ეს დღეები, ყოველი წუთი, რომელსაც აქ გაატარებთ იქნება დაუვიწყარი და ძალიან ფასეულ ცოდნას შეგძენთ.

აქ თქვენ უკეთ გაეცნობით საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობას და სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის სისტემებს. მიიღებთ ინფორმაციას პირველადი დახმარების გაწევისა და ბევრი საინტერესო თემის შესახებ. მოისმენთ საგმირო ისტორიებს პირადად ქართველი სამხედროებისგან – ეს მართლაც უნიკალური გამოცდილებაა და მჯერა, თითოეული თქვენგანი, ბანაკის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად იამაყებთ საკუთარი ქვეყნით,“ – განაცხადა მინისტრმა.

ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს „ჯარის ბანაკისა“ და ზოგადად ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბანაკის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.

ჯარის ბანაკის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სასწავლო აღჭურვილობა დაათვალიერეს და მონაწილეების საჩვენებელ შეჯიბრებებს დაესწრნენ.

ჯარის ბანაკი წელს ჯამში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს. კოჯორსა და საჩხერეში, თითოეულ 6-დღიან როტაციაში 100-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ბანაკის პროგრამა საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაშავებულის ევაკუაციას, ასევე თვითგადარჩენის კურსს, საინჟინრო და სამთო მომზადებას მოიცავს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.