1748539182
ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრაზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ აშშ-ის საელჩოს მოვუწოდებდით, პროტოკოლი დაიცვას - ირაკლი ზარქუა

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და საელჩო აქტიურად არიან ჩართული, რომ კომუნიკაციაში შემოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ. მივესალმებით, რომ უკვე ასეთი ინტერესია, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მათთან შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა“.
ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველ გუნდს აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა პროტოკოლი უნდა იყოს დაცული.
„ადრეც ჰქონდათ მცდელობა, რომ რაღაც გაუგებარი მეთოდებისთვის მიემართათ. ამ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ პროტოკოლის მიხედვით როგორც არის დადგენილი, ამერიკის საელჩოს მოვუწოდებდით, კანონი დაიცვას. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ მზად არის, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა. პოზიტიურად, იმედიანად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში კომუნიკაცია შედგება. ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი და საგარეო მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის შესაბამისი უწყებებია. ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა ურთიერთობები არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს ურთიერთობები და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.