ნათია თურნავამ MFC-ის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით გამართულ 27-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ნათია თურნავამ მიკროსაფინანსო ცენტრს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელ ქვეყნად საქართველოს არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რაც, მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია. აღინიშნა, რომ სებ-მა წლების განმავლობაში შემოიღო კაპიტალის, ლიკვიდობისა და რისკების მართვის სტანდარტები, გაამკაცრა სესხების გამჭვირვალობის მოთხოვნები, დააწესა რეგულაციები ჭარბვალიანობის თავიდან ასაცილებლად, შედეგად, ქვეყანას მოქნილი და პასუხისმგებლიანი ფინანსური მოდელი აქვს.

„დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი მრავალფეროვანი, კარგად რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია. სექტორს ქვეყნის მასშტაბით თითქმის 400 მომსახურების პუნქტი აქვს, 400 000-ზე მეტი აქტიური მსესხებელი ჰყავს და თითქმის ორი მილიარდი ლარის აქტივებს მართავს. ის ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შეზღუდულია. საქართველოში მიკროსაფინანსო ინსტიტუტები მიკრო და მცირე მეწარმეების არამხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, რომელიც გეოპოლიტიკური რისკებით, კლიმატური სირთულეებითა და ციფრული ტრანსფორმაციით ხასიათდება, მიკროსაფინანსო სექტორს არამხოლოდ გამძლეობის, არამედ ეფექტური რეაგირების და ინკლუზიური ზრდის მხარდაჭერის პოტენციალი აქვს.

MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა – „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“. კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება ორ მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.