მიხეილ ყაველაშვილი: ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!

მიხეილ ყაველაშვილი

ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

იგი ამგვარად ეხმაურება 26 ივნისს - ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნარკომანია და ნარკოდანაშაული ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის, არამედ უამრავ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოშობს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

ჩვენი მიზანია მკაფიო, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმით, მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ.

ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა.

ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.

მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!" - წერს პრეზიდენტი.