დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩაიცვა ეროვნული სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა, მამაცი ერის უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩაიცვა სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა, მამაცი ერის უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჯარის ბანაკის გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ჩვენი ძლიერია და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, ვინც ამ პროექტს უკვე მესამე წელია, წარმატებით ახორციელებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ ქართული ჯარის ცხოვრების წესს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ, თქვენი კარიერის მანძილზე, ეს მონაკვეთი გაგყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს ემოციები, შთაბეჭდილებები, ენერგია, რასაც აქ დახარჯავთ, იქნება სამაგალითო. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის მამაცი ერის უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა გაიღეს მთავარი – სიცოცხლე, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენი ჯარიც, ქვეყანაც ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უფრო მეტად გავძლიერდებით“, – მიმართა ყაველაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ჯარის ბანაკის გახსნასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებშიც დაინერგოს სამხედრო სწავლება.

„გარდა იმისა, რომ ეს ბანაკი უმნიშვნელოვანესი პროექტია, ასევე დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა და ესეც წარმატებით მიმდინარეობს. წლიდან წლამდე გაიზრდება რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო. ჩვენი მიზანია, ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო. ყველა ჰქონდეს ელემენტარული, ზოგადი ცოდნა მაინც, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა, ქართული ჯარი და ის, თუ რას უნდა წარმოადგენდეს მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. მჯერა ქართველი ადამიანის, ახალგაზრდების“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართველებს თავისუფლება არავისგან ესწავლებათ და ეს ისტორიით მტკიცდება.

„ქართველი ადამიანი ბუნებით არის თავისუფლებისმოყვარე. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღევანდელ ეპოქაში პიროვნულ თავისუფლებაზე განსაკუთრებული ხაზგასმა არის სხვადასხვა იდეოლოგიებით და ეს უმნიშვნელოვანესია, არ გვესწავლება. საქართველო თავად არის ფაქტი იმისა, რომ დღემდე თავისუფლება ყველა კუთხეში ფასობს. ჩვენ თავისუფლების ფასი არ გვესწავლება. დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, გვაქვს ტრიადა – მამული, ენა, სარწმუნოება, სწორედ ამას ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ეს გვქონოდა დღეს. შეუძლებელია, თაისუფლება ამ ტრიადის გარეშე. სამშობლო მუდმივად თან უნდა გსდევდეთ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში. წარმატების ნაწილია, როცა ჩვენი სპორტსმენები გვასახელებენ, გვიხარია, როცა შემოსილი ვართ სპორტსმენების ფორმებით, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩაიცვა სამხედრო ფორმა. ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.