ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ხაზი გავუსვი ყველა მხარის მიერ ზავის პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაკრონი აცხადებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ხაზი გავუსვი ყველა მხარის მიერ მოქმედი ზავის პატივისცემის მნიშვნელობას. ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს: ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. ამის უზრუნველსაყოფად, ხაზი გავუსვი, დროთა განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას – როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკურ საკითხებზე. ეს აუცილებელია როგორც ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონში ყველასთვის“,- განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს ღაზაში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა.

„კიდევ ერთხელ გავუმეორე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გზის ძიება კვლავ მთავარ პრიორიტეტებად რჩება“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.