ტრამპის ვერტმფრენისკენ ლაზერის მიმართვის გამო, ერთი პირი დააკავეს - მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ტრამპი

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პრეზიდენტის ვერტმფრენის, Marine One-ისკენ ლაზერული მაჩვენებლის მიმართვაში, როდესაც ბორტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი თეთრი სახლიდან აფრინდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი, რომელიც წელს ზემოთ შიშველი იყო, ლაზერით არა მხოლოდ ვერტმფრენს ანათებდა, არამედ იმ ოფიცერსაც, რომელმაც ის შენიშნა და მისკენ გაემართა, რამაც დროებით, ოფიცრის დეზორიენტაცია გამოიწვია.

როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, მამაკაცმა დონალდ ტრამპის ვერტმფრენის პილოტის ლაზერით დაბრმავება სცადა. პილოტის დაბრმავების შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა ვერტმფრენის ჩამოვარდნით დამთავრებულიყო.

დაკავების შემდეგ, მამაკაცმა აღიარა, რომ ესმოდა თავისი ქმედებებით გამოწვეული კატასტროფის რისკი. ახლა მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება, რადგან ლაზერული მაჩვენებლის ვერტმფრენისკენ მიმართვა, ფედერალური დანაშაულია.