არჩილ გორდულაძე ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ვის აინტერესებს მათი კანდიდატები? სამართალდამცავ ორგანოებში ვერ გამონახეს ვერც ერთი მოღალატე და ახლა ცდილობენ შემოაბრუნონ, თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახორციელებთ

არჩილ გორდულაძე

ვის აინტერესებს მათი კანდიდატები? სამართალდამცავ ორგანოებში ვერ გამონახეს ვერც ერთი მოღალატე და ახლა ცდილობენ შემოაბრუნონ, თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახორციელებთ, ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „ლელოს“ მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს.

არჩილ გორდულაძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავად ცდილობდა საჯარო მოხელეების და სამართალდამცავების დაშანტაჟებას, რაც არ გამოუვიდათ.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ბულინგს ახორციელებდნენ, აშანტაჟებდნენ მათ შორის საჯაროდ მოსყიდვის მცდელობაც კი ჰქონდათ, ქრთამის გადაცემის ფაქტის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება ლევან ხაბეიშვილის მიმართ, საჯარო სამსახურებში და ამავდროულად სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ ადამიანების მიმართ. ახლა კიდევ ცდილობენ, რომ თავიანთი დანაშაული ჩვენ შემოგვიბრუნონ, თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახდენთ მათ კანდიდატებზე. ვის აინტერესებს მათი კანდიდატები? სამართალდამცავ ორგანოებში მათ ვერ გამონახეს ვერც ერთი მოღალატე და ახლა ცდილობენ შემოაბრუნონ ჩვენს მიმართ, თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახორციელებთ და მითუმეტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რაც არის აბსოლუტურო ნონსენსი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მაგალითად კი მოჰყავს ასეფ ჩირაგოვის გადაწყვეტილება, რომელმაც ბოლნისში კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ჩირაგოვმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში. კუპრაძე ირწმუნება, რომ წნეხი ლელოს სხვა წევრებზეც არის.