სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ამჟამად ამ მოძრაობის ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის სახლში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გალსტანიანმა, როგორც მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელმა, ვერ მიაღწია რა სომხეთში ხელისუფლების კანონიერი გზით ხელში ჩაგდების მიზანს და გადაწყვიტა ეს ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მეთოდებით გაეკეთებინა.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ გალსტანიანმა მოძრაობის სხვა წევრებთან წინასწარი ფარული შეთანხმებით შეიძინა ინსტრუმენტები და საშუალებები ტერორისტული აქტების მოსაწყობად და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

ამასთან ერთად, სომხური მედია წერს, რომ პოლიცია მივიდა პარტია „დაშნაქცითიუნის“ რამდენიმე წევრის ბინებშიც.

მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა აღკვეთეს ხელისუფლების „კრიმინალურ-ოლიგარქიულ-კლერიკალური“ მიტაცების გეგმა.