სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - რა მტკიცებულებები დევს ფარულ ვიდეო მასალაში

ნარკოდანაშაული

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს გამთენიისას, 20-მდე მისამართზე მობილიზდნენ. ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 18 პირი დააკავა, მათ შორის არიან რეალიზატორები.

საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა თვრამეტივე პირს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფონიჭალის დასახლება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიცენტრი, დღეს კიდევ ერთხელ გახდა. იქ პოლიციამ რამდენიმე პირი აიყვანა, მათ შორის არიან ქალებიც. ადგილობრივები საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან, დაკავებულების ოჯახის წევრები კი კამერებს ემალებიან.

სპეცოპერაციამდე სამართალდამცველებმა სპეციალური ღონისძიებები დაგეგმეს. პოლიციამ ის სქემა გაშიფრა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, რეალიზატორები ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, საგანგებოდ აორგანიზებდნენ. თავდაპირველად დაინტერესებულ პირს, თანხას არიცხვინებდნენ, შემდეგ ნარკოტიკის სასურველ რაოდენობას ფუთავდნენ და წინასწარ შერჩეულ სამალავში უტოვებდნენ. ე.წ ფაქტის დადებიდან მალევე, კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტით უგზავნიდნენ. დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ნარკოტიკი ე.წ ხელიდან ხელში გადაცემის გზით გაყიდა.

რა მეთოდებით ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ბრალდებულები, ფარულ კადრებში კარგად ჩანს. ჩანაწერები პოლიციამ მოსამართლის განჩინებით მოიპოვა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. მასალის მიხედვით, სავარაუდოდ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს პირდაპირ ქუჩაში ასაღებენ, იყო შემთხვევები, როდესაც კლიენტი ავტომობილიდანაც არ გადადიოდა და მას ნარკოტიკს მანქანაში აწვდიდნენ.

სამართალდამცველებმა ის ნარკოტიკებიც ამოიღეს, რომელთა გაყიდვაც რეალიზატორებმა დაკავებამდე მოასწრეს. "ჰეროინი", "კოკაინი", "სუბოტექსი", "მეთადონი", "სუბოქსინი", "ალფაპვპ", "მარიხუანა" - ეს ნარკოტიკული საშუალებები "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოიღო. საქმეში დევს ელექტრო სასწორები, დაფასოებისთვის აუცილებელი მასალა და სავარაუდოდო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, მათი უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს ნაწილი კი დანაშაულს აღიარებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული, უახლოეს დღეებში ეს რიცხვი გაიზრდება - ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. გეკა გელაძემ მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები განმარტა და მიმდინარე, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა

ნარკოდანაშაული ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევაა - ეს განცხადება დრეს გენერალურმა პროკურორმა გააკეთა და რეალიზაციის მატების მიზეზებიც დაასახელა. გიორგი გვარაკიძის განმარტებით, რეალიზატორების მიმართ სასჯელი უმკაცრესი იქნება და მათ საქმეებზე, საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც მაქსიმალურად შეიზღუდება.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უახლოეს საათებში, დაკავებულ 18 პირს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.