Sky News: ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს ურყევი ერთგულება კოლექტიური თავდაცვის მიმართ, თუმცა არ დაგმეს რუსეთის ომი უკრაინაში

ნატო ევროკავშირი

აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება კოლექტიური თავდაცვისადმი ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა ჰააგის სამიტის შემდეგ, თუმცა, მასში არ არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრა უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დოკუმენტში რუსეთი აღწერილია, როგორც ალიანსისთვის „გრძელვადიანი საფრთხე“.

მიუხედავად ამისა, მასში არ არის ნახსენები უკრაინის ნატოში მომავალი წევრობა, რასაც თავად ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე „შეუქცევად გზას“ უწოდებს.

ნატოს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზეც შეთანხმდნენ. როგორც The Guardian-ი წერს, საბოლოო კომუნიკე ჩვეულებრივზე ბევრად მოკლეა და მხოლოდ ხუთი აბზაცისგან შედგება.