გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს - ფაშინიანი

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

"რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც  უქორწინებლობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, ეკლესიის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს". - წერს ფაშინიანი.

გუშინ, სომხეთში საპროტესტო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.