1748324677
დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირების ნაცვლად, რუსეთმა უნდა იფიქროს იმაზე, რა შეუძლია, გააკეთოს უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ ტრამპის განცხადებების კომენტირების ნაცვლად, რუსებმა უკეთ უნდა იფიქროს იმაზე, რა შეუძლია, გააკეთოს უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.
მანამდე, ჟურნალისტებმა ბრიუსს ჰკითხეს კრემლის რეაქციის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკაზე, რომელმაც ვლადიმერ პუტინს „გიჟი“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ტრამპი „მტკიცედ არის განწყობილი“ ომების დასასრულებლად.
„რუსებს რომ აღელვებდეთ, თუ როგორ ხდება ეს (ომი უკრაინაში), ისინი ნაკლებს იფიქრებდნენ ტრამპის განცხადებებზე და მეტს იმაზე, რისი გაკეთება შეუძლიათ, რაც მათ ხელშია, რომ შეწყვიტონ ხოცვა და მკვლელობა, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა
მისივე თქმით, „საკმაოდ ნათლად ჩანს, რა პოზიციაზე დგას ორივე მხარე“.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, ტრამპის განცხადება არის ნათელი გამოხატულება მისი აზრისა მიმდინარე მოვლენებზე.
„ვფიქრობ, რუსეთმა ეს სერიოზულად უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ბრიუსმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიერ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით“. „არ ვარ კმაყოფილი პუტინის ქმედებებით. ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის საერთოდ გაგიჟდა! უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ტრამპმა.