დაღუპული ადამიანები, ნანგრევებად ქცეული შენობები, ევაკუირებული მოსახლეობა - ბოლო ცნობები ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრიდან

მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ სულავესიზე, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი დატოვა.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ პალოდან დაახლოებით 43 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, ხოლო ბიძგების კერა მხოლოდ 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა, რამაც მიწისძვრის ძალა კიდევ უფრო საგრძნობი გახადა.

ძლიერი ბიძგები ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. შეშინებულმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები და სამუშაო ადგილები დატოვა და ღია სივრცეებს შეაფარა თავი.

განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება ქალაქ პალუში, სადაც 2018 წლის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის მტკივნეული მოგონებები დღემდე ცოცხალია.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები, სასტუმროები, სასწავლო დაწესებულებები და რელიგიური ობიექტები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხიდს ბზარები გაუჩნდა, რის გამოც მისი გამოყენება დროებით შეზღუდეს. ასევე დაზიანდა რამდენიმე საავტომობილო გზა, ხოლო ზოგიერთ რაიონში გადაადგილება გართულდა.

უსაფრთხოების მიზნით, საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. მედიკოსებმა ავადმყოფები, მათ შორის ინფუზიებზე მიერთებული პაციენტები, შენობებიდან გარეთ გაიყვანეს, რადგან განმეორებითი ბიძგების საფრთხე არსებობდა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღემატება. მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რის გამოც ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დაზიანებულ შენობებში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევს.