2025 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებიდან შემოსავლის სახით 27 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებიდან შემოსავლის სახით 27 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 132 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 18.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 17.4 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 13.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 9.8 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 22.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 511.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 32.0 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 68.0 პროცენტი – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 351.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2025 წლის განმავლობაში 65 279.8 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 30.0 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33.4 პროცენტი – ფრინველის, 35.9 პროცენტი – ღორის, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 2025 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 9 436.9 ტონა, საიდანაც 29.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 6.9 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, ხოლო 62.6 პროცენტი – ღორის ხორცზე.

ამასთან, 2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 29.0 ათას პირს, საიდანაც 51.3 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 094 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური 40.2 ლარი, ცხვრის ან თხის – 13.6 ლარი, ღორის – 33.8 ლარი. სასაკლაოების თითქმის ნახევარი – 47.0 პროცენტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.5 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, 7.6 პროცენტი კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

უწყების ანგარიშით, 2025 წელს საქართველოში 445 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 60.7 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

2025 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 381.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.6 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21.2 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 16.2 პროცენტი – თევზეული, 15.6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 6.9 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.5 პროცენტი ეკავა.

საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2025 წლის განმავლობაში შესყიდულია 105.5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.3 მლნ. ლარი შეადგინა. 2025 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 901.0 მლნ. ლარის ღირებულების 118.8 ათასი ტონა პროდუქცია. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 39.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას რძის პროდუქტები (29.1 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (26.9 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (14.8 პროცენტი) და თევზეული (11.6 პროცენტი) წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა იანვარში შეადგენდა 55.6 პროცენტს, თებერვალში – 49.2 პროცენტს, მარტში – 43.3 პროცენტს, აპრილში – 46.4 პროცენტს, მაისში – 47.4 პროცენტს, ივნისში – 59.0 პროცენტს, ივლისში – 55.1 პროცენტს, აგვისტოში – 51.8 პროცენტს, სექტემბერში – 49.8 პროცენტს, ოქტომბერში – 59.7 პროცენტს, ნოემბერში – 57.4 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 50.4 პროცენტს.

სამაცივრე მეურნეობების 66.3 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 30.3 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 3.4 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.