loren

1746126348

(ფოტოები) "სოფი ლორენის შვილი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა..." - ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი

იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა. თქვენ იცით, რომ კარლო მსოფლიო ლეგენდის - სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის - კარლო პონტის უფროსი ვაჟია.56 წლის მუსიკოსს ქართველი საცოლე ჰყავს. მარიამ შარმანაშვილსაც იცნობს ქართველი (და უკვე მსოფლიო) პუბლიკა.წყვილმა პანდემიის დროს ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. მალე ქართველ ქალზე თავდავიწყებით შეყვარებული კარლო საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, როცა კი ამის საშუალებას დირიჟორის გრაფიკი იძლევა. მარიამი რამდენიმე თვის წინ იტალიელი ვარსკვლავის 90 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა და სადედამთილოს პირადად მიულოცა დაბადების დღე. გუშინ კი, მცხეთის სამთავროს მონასტერში კარლო მოინათლა. მას ჩვენი წმინდა მამის, მამა გაბრიელის პატივსაცემად დაერქვა გაბრიელი. "მეგობრებო, საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში. გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი და მას დაერქვა გაბრიელი. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის" - წერს ფეისბუქზე მალხაზ ჯინორია, მამა გაბრიელის სულიერი შვილი. 

keti

1745874739

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დაქორწინებულები ვართ. სინამდვილეში კი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ არველაძეების რძალთან - ქეთი წიქვაძესთან

"ჩვენზე - ჩემსა და ნიკაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს..." - უთხრა ქეთი წიქვაძემ "პრაიმტაიმს" და ინტერვიუ გამონაკლისის სახით სწორედ ჩვენ მოგვცა.როგორც ის ამბობს, მის რჩეულს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს; განსხვავებული არველაძეა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ წყვილმა ბულვარულ პრესას "ლავსთორი" ოსტატურად გამოაპარა. ისე მივიდნენ ქორწინებამდე, რომ არსად არაფერი გაჟონილა. ქეთი წიქვაძე: ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 8 წელია. თავიდან მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ ეს სხვაობა არასდროს მახსენდება.ნიკა ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.განაგრძეთ კითხვა...

nika

1745863963

Exclusive: „ორსული პატარძლობა არ შემიძლია. მინდა ყველაზე მეტად მე გავერთო. ამიტომ ჯერ მხოლოდ შვილის მოლოდინში ვართ“ - ცნობილი ოჯახიშვილების სიყვარულის ამბავი

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე შვილს ელოდებიან. ორი ცნობილი ოჯახის დანათესავება წყვილმა არც თუ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, თუმცა წლებია, რაც ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან. ხმაურისა და ყვითელი პრესისგან მიმალვა მშვენივრად გამოუვიდათ. გამოდის, რომ იმ დროს, როდესაც ქეთის ლეკას როლმა ("ჩემი ცოლის დაქალებში") პოპულარობა მოუტანა, მისი გული უკვე დაკავებული იყო. ქეთი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილიშვილია. დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ქალიშვილს ბებიის სახელი დაარქვა. ნებიერა უფროს შვილიშვილს ბებია-ბაბუის სახლში რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, ამაზე ქეთიმ "პრაიმტაიმის" მკითხველს ადრე უამბო...ნიკა თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი ვაჟია. როგორც ქეთი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ყველაზე განსხვავებული არველაძეა, რადგან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროობა და "ფაბლიქ" ცხოვრება.ეს 38 წლის ქეთის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკასთან რვა წლიანი ასაკობრივი სხვაობა, თავდაპირველად, პატარა უხერხულ ბარიერს უქმნიდა. თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა; თითს თავართქილაძეების საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებს და... მომხიბვლელი წყვილი ოქტომბერში ვაჟს ელოდება. მოკლედ, ქეთი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე უყვება. ქეთი წიქვაძე: მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე "ვ-რძალ-ვ-დედამთილ-ვ-მამამთილობთ". დღეს კი ყველა ერთად ვართ პატარა ბიჭის მოლოდინში...  ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.ოფიციალურობას რაც შეეხება, ნიკამ ბაბუას დანატოვარი საგვარეულო ბეჭედი მაჩუქა. ძალიან ნაზი ბრილიანტის ბეჭედია. ვერც წარმოიდგენ, რომ წლების წინანდელი ბეჭედია, იმდენად თანამედროვეა. შვილიშვილებისთვის  დატოვა ბეჭდები და ერთ-ერთი მე მხვდა წილად. ბავშვის გაჩენამდე ამით შემოვიფარგლეთ. ახლა ჩვენს ფიქრებში მხოლოდ შვილის მოლოდინია, მესამე ბიჭს ველოდებით და ეს ყველაზე მეტად გვაბედნიერებს. რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა.არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენზე, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს...  

kaxi kavsadze

1745758645

„კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - კახი კავსაძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

კახი კავსაძის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, გენიალური არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად..."პრაიმტაიმთან" დიდ მსახიობს რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებს. "იქ თეატრი არის?" - ასე ჰქვია ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც კავსაძეების ოჯახზეა და მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრისაა.ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყო და დიდი ფურორი არ მოეხდინა ადამიანურად, არტისტულად.მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.ფილმზე - „იქ თეატრი არის?“ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის ერთდროულად დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც მოწყალების მთხოვნელის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.კახი მომნუსხველად საყვარელი გახლდათ ყველა ჯურის ადამიანისთვის, კაცისთვის და ქალისთვის. კაცები კიდევ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ კახიში. იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, ასეთი იყო კახი.

lauraa

1744407216

"ასე მოუარა შვილის სულს და ორმოცის მეორე დღეს დედაჩემი საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ" - ლაურა რეხვიაშვილის ტრაგედია

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა გამაოგნებელი ისტორია მოგვიყვა. წიგნის ფაბულაა, ცხოვრების დრამატურგიაა…ეს არის მსახიობის 80 წლის დედის ამბავი, რომელიც შვილის გარდაცვალებას მოესწრო, დაიტირა, 40 დღე კანდელს დარაჯობდა და ლოცულობდა, ცრემლით ესაუბრებოდა, 41-ე დღეს კი უფალს მიაბარა სული.ლაურა რეხვიაშვილი “პრაიმტაიმის” მკითხველს დედის ისტორიას უყვება…ლაურა რეხვიაშვილი: – ჩემი უფროსი და, ლილი ხეიბარი იყო. დაწყებით კლასში დედაჩემი ასწავლიდა. დედა, პოლინა დვალიშვილი, პედაგოგი იყო. ლილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, კოჭლობა დაიწყო. როგორც გაირკვა, დაბადებით დაჰყვა პათოლოგიური სისხლძარღვი. ბავშვმა აქტიური ზრდა რომ დაიწყო და ორგანიზმში ბევრი ცვლილება წავიდა, ჯერ თითის წვერს ადგამდა, ქუსლს ვეღარ. მერე ფეხი მოხარა და საერთოდ ჰაერში აიტანა. ვეღარ დებდა სიარულის დროს. დასჭირდა ყავარჯნები.დედამ ხატის წინ თავის იესოსთან, თავის ღვთისმშობელთან, თავის ანგელოზთან და ადგილის დედასთან აღთქმა დადო, მაღალ ქუსლს აღარასოდეს ჩავიცვამ და პომადას არ წავისვამო. ამ აღთქმის შესრულებამ გადაატანინა ეს ტკივილი.ლილის ორი ოპერაცია გაუკეთდა და ორივე უშედეგოდ. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჩემი და თანდაყოლილი ხეიბარი იყო.გაიზარდა და ის იყო ჩვენი, დანარჩენი სამი დის ყველაფერი. ყავარჯნებზე შემდგარი ქალი ხეხილს წამლავდა, გვირეცხავდა, კერავდა, აუთოვებდა. იყო საქმიანი და დაკავებული. სამ დას გაუზარდა შვილები.მათე რომ გავაჩინე, 38 წლის ვიყავი და თვალებში ცრემლჩამდგარმა და გულდაწყვეტილმა მითხრა, მე ის ენერგია აღარ მაქვს, მათეც გავზარდოო.59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ დედაჩემი 80 წლის იყო. დედას ამ ასაკში არ უნდა ენახა ეს სიმწარე…ჩემი თეატრის მსახიობები  “მარშუტკით” წამოვიდნენ. ტრანსპორტი გომბორზე გაუფუჭდათ. ამიტომ ჩამოსვლა დააგვიანდათ.ჩემი და სახლიდან ეზოში ჩამოვასვენეთ და დედამ, გამოსამშვიდობებლად, ხმით ისე დაიტირა, სამყარო შეიძრა!!!დედამ ისეთი დატირება იცოდა, რომ მას უბარებდნენ, პოლინა, შენი დატირებით უნდა გაგვისტუმრო საიქიოშიო. განსაკუთრებული უნარია, როცა ადამიანი ლაპარაკობს ისე, რომ პოეზიაც არის, ფილოსოფიაც, ტრაგედია ხომ თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდას დასტირიან. ეს ქალი დიდ პატივს სცემდა მიცვალებულს და სიკვდილს გულში იტარებდა.სახელს ვერ დაარქმევ ამ სურათს, კაციან-ქალიანად რომ ყველა ქვითინებს. ამ დროს ჩერდება დრო, გავიწყდება ყველაფერი და გაოცებული უსმენ მოტირალ დედას.მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ მითხრა, კიდევ კარგი დასაფლავებას მოვუსწარით; აქ ისეთი რამ ვნახეთ, რომ არ მოგვესწრო, მე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს დედის დატირებაო…აი, მაშინ დედამ ჩემს დას დაატირა: ორმოცამდე აქ უნდა მამყოფო, შენს სულს ჩემსავით ვერავინ მიხედავს, მე უნდა მოვუარო. 40 დღის დღის შემდეგ, შენ თუ არ წამიყვან, შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო. თითქოს "დატუქსა" შვილი.ის ორმოცი დღე კანდელს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო. ცივ ნიავს არ აკარებდა. ლოცულობდა, მაგრამ ფსალმუნებს კი არ კითხულობდა, თავისი გულით და აზრით ლოცულობდა. მერე ეზოში გავიდოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, რომ მაგალითად, ვაზი უნდა ენახა და იქ, თავისთვის მოთქვამდა, შვილს ელაპარაკებოდა, დიალოგი ჰქონდა, ოღონდ ტირილით.უკეთებდა საკურთხს ფაცურით, ნერვიულობით. მის სახელზე აცხობდა, მოხრაკავდა. მერე მაგიდაზე დადგამდა, სანთელს მოავლებდა სამჯერ. ილოცებდა…ეს ქალი ნამდვილად მიწის მარილი იყო…ასე მოიხადა ვალი, მოუარა შვილის სულს. ლილის 40 გადავუხადეთ და 41-ე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ…ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ასე უნდა მიიღო. მაგრამ როცა დედებს შვილები უკვდებათ, მე ამაზე მაქვს კითხვა, რა მოხდება რომ დედებმა ეს სიმწარე არ იგემონ და თუ შვილი უნდა მოკვდეს, ცოტა ხნით ადრე დედა გარდაიცვალოს?! თან დედა, რომელიც ისედაც მალე წავიდოდა, რა მოხდებოდა რომ სიცოცხლის ბოლო მომენტში ასე არ გამწარებულიყო?..შვილმკდარი დედა რომ თავს არ იკლავს, ესეც ღმერთისგან არის შეჩერებული, რომ საიქიოში ნახონ შვილები… შვილმკვდარი დედა რომ ცოცხალია, მე ეს არ მჯერა. ვფიქრობ იმაზე, რა დევს იმ არსებობაში, რატომ აქვს ამ დედების არსებობას აზრი? რატომ არის აუცილებელი იარსებონ? აი, ეს შემაძრწუნებელი კითხვები მაქვს.სიკვდილი საერთოდ არ მაშინებს. მაგრამ არ მინდა შვილი გავაწვალო ჩემი სიკვდილით. გული ეტკინება, შეწუხდება, იტირებს. და რა გამოდის? გავაჩინე, გავზარდე, სიყვარული მივეცი და ბოლოს ამოვაშხამე. ამოშხამებას ვერ ვეგუები…დედას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, სიზმრად დედას სამყოფელი ვნახე. მესიზმრება, მივდივარ თელავში, სასაფლაოზე, დედას და დის საფლავზე. ირგვლივ მწვანე მოლია, ჟუტუნა ყვავილებიანი. ეს ჩვენებური მოლი არ არის. ყვავილი მოვწყვიტე, დავყნოსე, მაგრამ ეს აქაური ყვავილი არ არის.გამჭვირვალე სამყოფელთან იდგა ნუშის ხე. არც ის ჰგავდა “ჩვენს” ნუშის ხეს. ხის უკან დეიდა მარო გამოჩნდა. დედაჩემი სად არის-მეთქი. ხელი გაიშვირა, იქითო. გავიხედე და მოდიოდა დედა, ყველაზე ლამაზი კაბით, რომელიც ჰქონდა. შუაზე გაყოფილი და უკან ჩახვეული თმით… ლამაზი თავის ფორმა და კარგი ტან-ფეხი ჰქონდა. ყველაზე კარგი რომ არის ადამიანი, იმ ასაკში იყო და მოდიოდა ყვავილებით. ენით აუწერელი ფერებითა და კომპოზიციით.ყვავილებიანად შემომეხვია, მაკოცა ისე, როგორც სიცოცხლეში იცოდა. რომ მაკოცებდა, ხელით ნიკაპი ეჭირა და მეორე ლოყა მტკიოდა. რომ გაკოცებდა, აუცილებლდა დააყოლებდა – გენაცვალოს დედა. სიყვარულის სურვილის ასეთი მოკვლა იცოდა. ასე მაკოცა, მითხრა, გენაცვალოს დედაო. ლილიკო სად არის-მეთქი, ვკითხე. მომკიდა ხელი და ალავერდისხელა ტაძართან მიმიყვანა. გამჭვირვალე იყო… ჩემი და ამ სალოცავის კარებში იდგა, როგორც ანგელოზი.თუ ასე ადვილი იყო თქვენი ნახვა, ამდენ ხანს როგორ მოითმინე და არ დამენახე-მეთქი? წადი, სანთელი დაანთეო, მითხრა. ამ დროს ვიღაცამ ბეჭებში დამარტყა და გამომაღვიძა. წამოვჯექი. გონება რომ დალაგდა და ქმარ-შვილი დავინახე, აბა, მე სად ვიყავი-მეთქი? გავიფიქრე. თან გამახსენდა დედის ნათქვამი, სანთელი დაანთეო. დილის ხუთის ნახევარი იყო. გავედი სამზარეულოში და დავანათე სანთელი. პატარა სანთელმა დიდი ცეცხლის ენა გაიკეთა. ეს ცეცხლი გაიშალა, ამოვიდა დედაჩემის სახე, გამიცინა და ჩაქრა…საღამურზე შემოვიცვი და გავიქეცი ანჩის ხატში. შემოდგომის მიწურული იყო. შევიშლებოდი ეს რომ ცხლად ღვთისმსახურისთვის არ მომეყოლა. ანჩისხატის ტაძრის წინ ოთახები იყო. დავაკაკუნე რომელიღაც კარზე. გამოიხედა მოძღვარმა, მისი სახელიც არ ვიცი. იფიქრა, ამ გამთენიისას რაღაც უბედურება შეემთხვაო და იყურებოდა, ვინმე ხომ არ მომსდევდა. უნდა მომისმინოთ-მეთქი, დავამშვიდე. ჩემი გარდაცვლილების სამყოფელი ვნახე-მეთქი და მოვუყევი სიზმარი. თავზე ხელი გადამისვა, ჩემი ხელები დაიჭირა და მითხრა, რაც ნახე, ისინი იქ არიანო.ასე რომ, იმათ ჩვენი სიყვარული, ჩვენგან მოხსენიება, ლოცვა სჭირდებათ. ამაში ცხადად დავრწმუნდი…

lana

1743195227

"არსებობენ პიროვნებები, რომელთაც ასაკი არ აქვთ. ის მუდმივად თანამედროვეა" - ახალი წიგნი და ფილმი 95 წლის ლანა ღოღობერიძისგან

"არსებობენ პიროვნებები, რომელთაც ასაკი არ აქვთ. ლანა თავისი ცხოვრების წესით, სურვილებითა და სულისკვეთებით ყოველთვის ახალგაზრდაა, ყოველთვის ენერგიით სავსე. ამიტომაც არის თანამედროვე" - კინოთეატრ "ამირანის" წინ "პრაიმტაიმთან" ამბობს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე.კინოთეატრში კი 95 წლის ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის - "როცა აყვავდა ნუში" პრეზენტაცია შედგა. ვიხილეთ რეჟისორის დოკუმენტური ფილმი, პოეტური ჩანახატი, სადაც ეტაპებად დაყოფილი თავისი ცხოვრება ლექსებად მოგვიყვა. უცხოური პოეზიის საკუთარ თარგმანზე კი ამბობს:"მე ასეთი განცდა მაქვს, როცა ვთარგმნი, ის ლექსი ჩემი ხდება. მგონია, რომ ეს ჩემი ლექსებია. ამ ლექსებს, ფილმში, ჩემი ფილმებიდან შესაბამისი გამოსახულება მოვუძებნე, ჩემი ცხოვრება ეტაპების მიხედვით დავყავი. ნახეთ, რა გამოვიდა."გამოვიდა ის, რომ პოეზიის ენით მოყოლილი მისი ტრაგედიებით სავსე ცხოვრება, ერთდროულად არის სევდიანიც და იმედის მომცემიც. შემოქმედი ფილმში კითხულობს ლექსებს მშვიდად, თუმცა შინაგანი მღელვარებით, წარსულიდან, რომელიც მომავლისკენ არის მიმართული. უსმენ და სწავლობ, როგორ იცხოვრო, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა იბრძოლო. უყურებ, როგორ ცურავს და თამაშობს ჩოგბურთს საუკუნეს მიტანებული ქალი და თავს უტყდები, რომ სიცოცხლის სიყვარული ასე მძაფრად არ გაქვს. არადა, უნდა გქონდეს! უნდა მიჰბაძო! უნდა ისწავლო ქალისგან, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა არის უბედურება და რა - ბედნიერება. იცის, რას ნიშნავს უოჯახოდ დაგტოვონ, იცის, რას ნიშნავს ხალხის მტრის შვილად შეგრაცხონ და შავი თვალით გიყურონ, იცის რას ნიშნავს გადასახლებიდან ჩამოსული მისთვის გაუცხოებული დედის "თავიდან შეყვარება"... დედის, რომლის ხმაც ყურის მეხსიერებას ჰქონდა შემონახული ფრაზით: "ზღვა იყო ისე მშვიდი და წყნარი, რომ არც კი მახსოვს იყო თუ - არა".წიგნი ავტობიოგრაფიულია. რეჟისორის თხრობის მანერა უკვე ვიცით მათ, ვისაც მისი წინა წიგნი გვაქვს წაკითხული - "რატომ გალობს შაშვი". წერს ისე, ვერ მოსწყდები. ეცნობი საინტერესო პასაჟებს. ახალ წიგნში არის მარკესთან სახლში სტუმრობის საინტერესო ამბავიც. მოკლედ, "როცა აყვავდა ნუში" გაყიდვაშია, 95 წლის ლანა ღოღობერიძე კი, შესაშურ ფორმაში.ნანა ჯორჯაძე: ლანა თანამედროვეა, ყველაფერი დღევანდელი სტკივა. არ ავიწყდება საიდან და როგორ მოდის, სად არის დღეს და მომავალზე ფიქრობს. მისთვის მომავალი მნიშვნელოვანია არა როგორც რაღაც აბსტრაქტული ცნება, არამედ ძალიან რეალური. თან აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამ მომავალს მოესწრება. ასეთი პიროვნებები ძალიან დიდ ენერგიას გამოსცემენ. აბსოლუტურად უშიშარი ადამიანია. ძლიერი, ნიჭიერი, საინტერესო, განათლებული ქალია. ეპოქალური პიროვნებაა. ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა. ყოველთვის საინტერესო და მოულოდნელია. მუდმივად გაოცებს. თავისი ერუდიციით და ჰორიზონტით მნიშვნელოვანი აზრი მოაქვს შენს ცხოვრებაში.

gurami

1743107942

"ჰონორარის 90 პროცენტს გაჭირვებულებს ურიგებდა. დიდი ბავშვი და სიკეთე იყო..." - "დოჩანა" 86 წლის გახდებოდა

ოთხი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე, 26 მარტს, უკვე კლინიკაში იყო. თავს შეუძლოდ გრძნობდა... ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი უწმინდესთან ჰქონია... 2021 წლის 3 აპრილს აღესრულა და კეთილი ღიმილით მარადისობაში, ვაჟთან წავიდა...გურამ დოჩანაშვილი 86 წლის გახდებოდა...კლასიკოსმა პანდემიის პერიოდი აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა... კვირაობით მასთან მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიდიოდა, აღსარებას იბარებდა და აზიარებდა. როგორც სასულიერო პირი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ძალზე ჰუმანური მწერალი, თავის მოძღვარს სახლში მეზობლებს ახვედრებდა, რომ მათაც მისცემოდათ ზიარების საშუალება... რა საოცარი და მისაბაძი საქციელია... ცხონება ჩვენ "დოჩანას"...არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ძალიან ძვირფასი იყო ბატონ გურამთან ერთად გავლილი პერიოდი. დაახლოებით ცხრა-ათი წელი, როდესაც ის სამების ლავრაში ცხოვრობდა. საოცარი დრო იყო. წარმოიდგინეთ, ორი გვერდიგვერდ ოთახი, სადაც ერთში - რეზო ჩხეიძე ცხოვრობს, მეორეში - გურამ დოჩანაშვილი. ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მეზობლობა მართლა საოცრება იყო.იქ კი გავიცანი, მაგრამ მერე ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჯერ ხომ ამ მასშტაბის ადამიანი იყო და შემდეგ, ოჯახის წევრად და პაპად მიმაჩნდა. შინაურულად ვგრძნობდი მასთან თავს. დიდი სიყვარული მაკავშირებდა.ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. რა ჩარჩა ჩემში და... ძალიან დიდი სიკეთე. მუდამ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მწერალიც, როგორ მიიღებდა მის ნაწარმოებს მკითხველი და შემდეგ, ფიქრი მოყვასზე. ყოველთვიურად ჰონორარის 90 პროცენტს და ზოგჯერ, ასსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ჰყავდა გამორჩეული ოჯახები, მეგობრის თუ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახები და ცდილობდა ყოველთვიურად დახმარებოდა. განიცდიდა, დახმარებას თუ ვერ ახერხებდა.ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. დილის ექვსი საათიდან იწყებდა ლოცვას. იხსენიებდა ყველას, ცოცხლებს და მიცვალებულებს.დიდი ბავშვი იყო, მორიდებული და მორცხვი. სიყვარულს რომ გამოხატავდნენ ადამიანები, იბადრებოდა, მორიდებული და მორცხვი ხდებოდა. იყო გულწრფელი. თავის დამსახურებად არ მიიჩნევდა თავის ნაწარმოებებს. ამბობდა კიდეც, თუკი რაიმე მოგწონთ ჩემს ნაწარმოებში, ღმერთის დაწერილია, და თუკი რამე არ მოგწონთ, მე დავწერეო. ყველაფერს ღმერთთან აკავშირებდა.პანდემია რომ დაიწყო, ტაძარში ვერ მოდიოდა, აგარაკზე მუხაწყაროში გადავიდა მეუღლესთან ერთად. ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში. კვირა არ გავიდოდა, რომ მათთან არ ავსულიყავი, აღსარება არ ეთქვა და არ ზიარებულიყო.საოცარი რა იყო იცით, მის ირგვლივ მცხოვრებ მეზობლებსაც ეძახდა, ვინც ავად იყო, რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მამაო მოდის, აღსარება თქვით და ეზიარეთო... ზოგს სახლიც ვუკურთხე. მასთან მხვდებოდნენ მისი მეზობლებიც, ვიბარებდი აღსარებას და ვაზიარებდი. ერთგვარი მისიონერიც იყო.ერთი მისი მეზობელი, ირაკლი ქართველიშვილიც ხშირად ეზიარებოდა და სხვათა შორის, ორი კვირის შუალედით, ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ ბატონი გურამი და ბატონი ირაკლი.ბოლო წიგნი, თავისი ტრილოგია, მუხაწყაროში დაასრულა... წმინდა მამებზე რაიმე თუ აინტერესებდა, სახარებისეული ტერმინები და განმარტებები თუ სჭირდებოდა, მთხოვდა, აბა, შენს ჯადოსნურ ტელეფონში ნახეო.ხვდებოდა მკითხველს, ახალგაზრდობას ეცნობოდა - სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში. ყველას უხაროდა ბატონ გურამთან შეხვედრა. მე მძღოლი ვიყავი (იცინის). ერთად დავდიოდით.რაც მახსოვს ამ შეხვედრებიდან არის ის, რომ ბავშვები იყვნენ თვალცრემლიანნი რომ ხედავდნენ საყვარელ მწერალს, წიგნიდან გადმოსულს...როდესაც ეკითხებოდნენ, რომელი წიგნი იყო მისთვის გამორჩეული, ყველას პასუხობდა, ნომერ პირველი წიგნი ბიბლიაა და ახალი აღთქმა და ყველას მის წაკითხვას ურჩევდა.ერთხელ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც წამიყვანა.თავის ტრაგედიაზე არ საუბრობდა. აგვისტოში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების პერიოდი მოახლოვდებოდა, იკეტებოდა და თავის დარდში იყო, ნაკლებად კონტაქტობდა."სამოსელი პირველი" სახარებისეულია, ღვთისგან შორს არც არის, თუმცა ეკლესიურობა და მაზიარებლობა განსაცდელის შემდეგ დაიწყო.ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ქორწინების 50 წლის იუბილეზე, ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში მამა ელისემ დაწერათ.ჰქონდა განსაკუთრებული იუმორი, ყველაფერზე ხუმრობდა.ბოლოს, კლინიკაში ჭამაც შეწყვიტა. ტელეფონზე ვასაუბრე უწმინდესთან. იქნებ დაუჯეროს და რამე მიიღოს-მეთქი. გაამხნევა უწმინდესმა. რამდენიმე დღეში გულის უკმარისობით გარდაიცვალა კიდეც...ეპოქალური ადამიანი იყო.

dito

1742398930

Exclusive: "ეს პიკია! სულ სხვა განზომილებაა... მე დავბრუნდი!" - გაიცანით ევროპის ჩემპიონი - დიმიტრი ხაჩიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა - დიმიტრი ხაჩიძემ და ანრი ხოზრევანიძემ სამშობლო ოქროს მედლებით გააბედნიერეს. ლუკა გაბისონია ბრინჯაოთი დაგვიბრუნდა.ქალაქ ტირანაში გამართული ჩემპიონატის ფინალში დიმიტრი ხაჩიძემ შეხვედრა 50 წამში მოიგო. მოჭიდავემ ისრაელელი მელქამუ ფეტენე 9-0 დაამარცხა. ევროპირველობაზე ფინალურ შეხვედრას წინ უძღოდა თურქ და უკრაინელ მეტოქეებთან გამარჯვება. დიმიტრი ხაჩიძე ბორჯომელია. მშობლიურ კუთხეზე შეყვარებული სპორტსმენის დარწმუნება ვერავინ შეძლო, რომ საქართველოს სახელით ეასპარეზა. ის მუდმივად ბორჯომის სახელით ჭიდაობს. ჩემპიონობის გემო პირველად შვიდი წლის წინ გაიგო. ევროპის ჩემპიონი კადეტებში 15 წლის ასაკში გახდა. ცხადია, მაშინ კარგად ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა მის თავს. მაკედონიაში პიედესტალზე რომ აიყვანეს და საქართველოს ჰიმნი ჩართეს, მაშინდელი ემოცია დღემდე გამოყოლილი აქვს. 14 მარტს ალბანეთში მოპოვებულ ოქროს მედალს კი, ტაიმაუტის შემდეგ საყვარელ სპორტში დაბრუნებად მიიჩნევს.გამარჯვებაზე ორიენტირებულმა თავს დაუმტკიცა, რომ პიედესტალზე ასვლა და საქართველოს სახედ ყოფნა, უკვე გაზრდილი სპორტსმენის ძალებშია.ტირანადან დაბრუნებული დიმიტრი ხაჩიძე "პრაიმტაიმის" მკითხველს ემოციებს უზიარებს.დიმიტრი ხაჩიძე: პირველი ოქროს მედლიდან დღემდე ჩავარდნა მქონდა. ახლა სრულყოფილად მოვემზადე, გამარჯვებისთვის გავედი და თავს დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია, მე დავბრუნდი!15 წლის ასაკში რომ ავედი პიედესტალზე და ჰიმნი დაიწყო, ვერ ვიტყვი, რა გრძნობა დატრიალდა გულში. ეს ჰიმნი ჩემ გამოა, ჩემი ქვეყნის სახე იმ მომენტში მე ვარ! სულ სხვა განზომილებაა...ახლაც, ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, ჰიმნს ავყევი. როგორ აღგიწეროთ რას ვგრძნობდი, ეს პიკია! თავიდან ბოლომდე ბედნიერი ხარ! რამხელა მადლია! დავდიოდი დროშით წრეზე, ყველა ტაშს მიკრავდა, სხვა გალაქტიკაზე ვიყავი იმ დროს! წრეზე დროშით ტრიალი ცხოვრების სრბოლას შეიძლება შევადაროთ. სპორტულმა ფსიქოლოგმა კარგად იმუშავა ჩემთან და თავდაჯერება გამიასმაგა, თავი დამანახა, ემოცია დამათრგუნინა. ტექნიკურის გარდა, მენტალური მზაობა მქონდა. ემოციებს უკეთ ვაკონტროლებდი, ყველა "სხვატკას" მზად ვხვდებოდი. სპორტის ამ სახეობაში ნახევარზე მეტი ემოციის კონტროლია. შფოთვა და ნერვიულობა მოხსნილი უნდა გქონდეს. ყველა გრძნობდა ჩემს ცვლილებას, მათ შორის გულშემატკივარიც. ევროპის ჩემპიონატზე მშვიდად ვიჭიდავე...ჩანაწერი რომ ვნახე, ჩემი ასპარეზობა მომეწონა, თურქ მეტოქესთან იყო რაღაც გამოსასწორებელი ნიუანსები, რომელსაც სამომავლოდ გამოვასწორებ.ფინალში შემხვედრ ისრაელელ მოჭიდავესთან წინა წლებში ორჯერ მქონდა ნაჭიდავები. ორივეჯერ მოვუგე. შესწავლილი მყავდა. ჩემი ჭიდაობით ვიჭიდავე და ისიც ჩემი ჭიდაობით ვაჭიდავე და შეხვედრა ჩემს სასარგებლოდ წავიდა. ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა.ჩემს გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ჩემს ბიძას, არქიმანდრიტ გაბრიელ ჯამბაზიშვილს. მისი და ბებიაჩემის, დედა ნატალიას დიდი დამსახურებაა, რომ მე რელიგიური ვარ. მამა გაბრიელმა მასწავლა ეკლესიური ცხოვრება. დედა მიყვებოდა, როგორ დაატარებდა ბებიაჩემი თავის სამ შვილს ტაძრებში. მერე ბიძაჩემი ბერობის გზას დაადგა. დღეს ის აღმსარებლისა და სალოსის ბერი გაბრიელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარია, ციხისჯვარში (ბაკურიანთან). ბებიაც იმ მონასტერში მოღვაწეობს. მისი დარიგებები ულიმიტოა... დედა ნატალია ხშირად მახსენებდა, მევლო ტაძარში, მელოცა და წმინდა ზიარება მიმეღო. მოკლედ, ორივე მაგალითია ჩემთვის. მათი რჩევები ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან მადგება. წასვლის წინ დამლოცეს. მონასტრიდან მათი ლოცვა მეწეოდა. შობის მარხვა იყო, მახსოვს, თავს დავუსვი შეკითხვა, რატომ არ დავდივარ ყოველ კვირას წირვაზე-მეთქი? დავიწყე სიარული, აღსარების ჩაბარება, ზიარება. სულ სხვანაირად დავინახე ჩემი ცხოვრებაც და მანამდე დაშვებული შეცდომებიც. მას შემდეგ მადლს ვგრძნობ. რაც შეეხება ბორჯომს, ჩემი კუთხეა, განსაკუთრებულად მიყვარს. აეროპორტში იმდენი ხალხი დამხვდა, მილოცავდა, მეხუტებოდა, ჰაერში ამაგდეს... პატივი დამდეს და დამხვდნენ საკრებულოს თანამშრომლები. ემოციას ვეღარ გამოვხატავდი. გავითიშე. დაცლილი ვიყავი. ძნელია ამხელა სიხარულს ბოლომდე აჟიტირებული გაჰყვე. ვერაფერს ვამბობდი, უსიტყვოდ ვეხუტებოდი ყველას...ბორჯომში რომ ჩავედი, უცნობები მილოცავდნენ. ერთ-ერთი და უძლიერესი მოტივაცია სწორედ ჩემი ხალხის ჩემი წარმატებით ასე გახარებაა. სხვისი გახარება არის ენით აღუწერელი სიხარული. 15 წლის ასაკში ამას ვერ აღვიქვამდი. ახლა უკვე ხალხის ეს დამოკიდებულება ჩემდამი კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა. ჩემი მთავარი მოტივატორი კი ჩემი ოჯახია.ახლა წინ მსოფლიო ჩემპიონატია. მოსამზადებელი პერიოდი მაქვს. ექვსი თვე თავი უნდა გადავდო და დიდი ტურნირისთვის მოვემზადო.***ჩემპიონის პორტრეტის უკეთ აღქმაში მისი დედა, ირმა ჯამბაზიშვილი დაგვეხმარა. სხვადასხვა პატარა ნიუანსებში კარგად გაიცნობთ დიმას.ირმა ჯამბაზიშვილი: მყავს ორი ვაჟი და ორი გოგონა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე პირველად დიმიტრის ძმა, ოთხი წლით უფროსი ვასილი დადიოდა. მისმა შემხედვარემ ჭიდაობა თავადაც მოინდომა. უშიშარ დიმას „გლადიატორიც“ კი შეარქვეს. იცოდა, რომ ეტკინებოდა, მაგრამ არ ეშინოდა და მაინც ჭიდაობდა. საერთოდ, მეორე შვილები უფრო მებრძოლები არიან. მიღწევები ვასილსაც ჰქონდა, ძალიან ტექნიკური მოჭიდავე იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოშორდა სპორტს. ჩათვალა, რომ ერთი ოჯახისთვის ორი სპორტსმენი რთული შესანახი იქნებოდა, ასპარეზი დაუთმო ძმას. ეს დათმობა, ალბათ, დიმიტრის ხასიათმაც განაპირობა, უფრო გამძლე, სწრაფად მოაზროვნეა. ტექნიკური მოჭიდავეები არიან ორივე. ჯერ ბორჯომის სასპორტო სკოლაში ვარჯიშობდნენ. უფრო რომ განვითარებულიყვნენ, ჩემმა მეუღლემ მიიღო გადაწყვეტილება და თბილისში ჩამოიყვანა ბავშვები. ასე დააგროვეს ჯილდოები, მედლები... დიმიტრის აღებული აქვს მეორე ადგილი, მესამეც... და ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა!მე ვერ ვუყურებ მის ჭიდაობას, არ შემიძლია. პირდაპირ ეთერში არასდროს მინახავს. თუ დარბაზში ვარ, გარეთ გავდივარ და უფალს ვთხოვ, ჯანმრთელი იყოს და მერე როგორც უფლის ნება იქნება, ისე წარიმართოს. ჩემი ძმა, მამა გაბრიელიც ვერ უყურებს დიმიტრის ჭიდაობას პირდაპირ ეთერში. ეს ჩვენს ძალებს აღემატება.სხვა რა გითხრათ დიმიტრიზე, ძალიან თავმდაბალია, პრინციპულია. ვერ მოატყუებ. სხვათა შორის, გამოვტყდები და გეტყვით, მან გადამაჩვია პატარ-პატარა, უვნებელი და დამამშვიდებელი ტყუილების თქმას. ერჩივნა მეთქვა სიმართლე. ვერ აკადრებ ტყუილს. წონა ყოველთვის ჰქონდა ოჯახშიც და გარეთ. აქვს სწრაფი, ტექნიკური და მათემატიკური გონება. ეს ყველაფერი, ალბათ, ჭიდაობაშიც ეხმარება. დამოუკიდებელია ბავშვობიდან. თავისი ჯიბის ფული სულ აქვს. თვითონ ცდილობს უზრუნველყოს საკუთარ თავი. უყვარს ბორჯომი და ბორჯომელები. ვთხოვდით, თბილისის სახელით ეჭიდავა (ექნებოდა დაფინანსება და ხელფასი), მაგრამ ვერ დავითანხმეთ, ბოლომდე ბორჯომის სახელით ასპარეზობს.მე ბორჯომში მშვიდად და იმედიანად ვარ, რადგან თბილისში დიმიტრის გვერდით არის მისი რჩეული - ნინი, რომელიც გვერდში უდგას და ეხმარება.დიმიტრი: - ნინი რთულ მომენტებში გვერდით მედგა. მისთვის პრიორიტეტი არა ჩემი ჭიდაობა, არამედ ჩემი ჯანმრთელობაა. ძალიან მამშვიდებდა ტრავმებისა და ტაიმაუტის დროს. მე მჯერა შენი - ესაა ნინის სიტყვები, რომელიც ძალას მმატებს. - დაბოლოს, ქალბატონო ირმა, ჩემპიონის დედობა როგორია?- საოცარია. რომ გაიმარჯვა, იმდენად ჭარბად მივიღე დადებითი ემოცია და ისე გადავივსე, ერთი სული მქონდა თვალი დამეხუჭა და დამეძინა... რა თქმა უნდა ბედნიერებაა...უნივერსიტეტი ახლა დაამთავრა, ბიზნესის განხრით. წელს კარგ ფორმაში შეხვდა საქართველოს და ევროპის ტურნირებს. საერთოდ, წელს საკმაოდ მყარი ფსიქიკით შეხვდა ყველაფერს. რწმენა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ უკვე გააზრებულად მივიდა ტაძარში და გახდა აღმსარებელი. ეს ყველაფერი აისახა კიდეც მის ბრძოლებში. ეს წლების შრომის შედეგია. ამ შედეგს რომ ხედავ, ბედნიერი ხარ.

გალაკტიონი

1742224190

მისი ბუნებრივი ხმა მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ... რატომ საუბრობდა შეცვლილი ხმით და რა იმალებოდა მის "ნიღაბს" უკან... - უცნობი ფაქტები გალაკტიონზე

17 მარტი პოეზიის მეფის - გალაკტიონის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა... "ფანჯრებს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება..." - ასეთი პოეტური სიმძაფრით აღწერს გალას გარდაცვალების ფაქტს მიხეილ ქვლივიძე. ვახტანგ ჯავახაძემ გალას შემოქმედებისა და ცხოვრების აღწერას, თითქმის, მთელი ცხოვრება მოანდომა. მან ხუთი წლის წინ ტაბიძის ბიოგრაფიული რომანის, "უცნობის" რიგით მეშვიდე გამოცემა შესთავაზა მკითხველს.92 წლის პოეტი ნანობს, რომ მეტად გახსნილი და თამამი არ იყო გალაკტიონთან, რომ უფრო მეტი გაეგო მასზე. სწორედ მისგან ვიგებთ, რომ გალა თავის ხმაზე არ საუბრობდა. ის ხმას იყენებდა... საოცარია, თუმცა ფაქტი ყოფილა.ვახტანგ ჯავახაძე: – 35 წელია გალაკტიონზე ვფიქრობ… და იცით, რას ვნანობ? გალაკტიონთან, მისი სიცოცხლის ბოლო ორ წელს, შეხვედრები მქონდა, მისი წიგნი შევადგინე, რედაქტორი გახლდით. საშუალება მქონდა მასთან აქტიური საუბრები და კონტაქტი მქონოდა, მაგრამ არ ვიყავი თამამი რედაქტორი, 26 წლის გახლდით მაშინ. მერიდებოდა მისი. საკმარისი საუბრები გვქონდა, რაც წიგნის შედგენისთვის საჭირო იყო. გალაკტიონს უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მეტი ურთიერთობის შანსი მქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე. აი, ამას ვნანობ. არ მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი მასთან ურთიერთობას. ვიდრე 1959 წელს წიგნი “რჩეული” გამოვიდოდა, გალაკტიონმა თავი მოიკლა. ვერ მოვასწარი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი.– როგორ ჩარჩა თქვენს მეხსიერებაში გალაკტიონი?– არა მხოლოდ, როგორც დიდი პოეტი, არამედ, როგორც უცნაური და ამოუხსნელი პიროვნება. ბევრი კითხვა მაწვალებს – რატომ მოიკლა თავი, რატომ არ საუბრობდა თავისი ბუნებრივი ხმით და მუდამ რატომ ატარებდა "ნიღაბს"? ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა. ბოლომდე ვერ ამომიხსნია ეს კითხვები.ვერ შეატყობდით, მაგრამ ახლობლებმა იციან, რომ ზოგჯერ, თავის ბუნებრივ ხმას იბრუნებდა. ამის ფაქტები არსებობს და აქედან დაასკვნეს, რომ ის ხმა, რომლითაც ის საუბრობდა, თურმე დაყენებული ყოფილა. როგორც მსახიობი იყენებს ხმას, ასე იყო ისიც.გაუცხოებული იყო გალაკტიონი, არავისთან გულწრფელი არ იყო. ცოლიც კი გაუბრაზდა ერთხელ, ოლია, რომელმაც უთხრა, შენ არასდროს მოიხსნი მაგ წყეულ ნიღაბსო. ოლიამაც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება "ნიღაბს" ატარებდა და გულწრფელი არ იყო, ცოლთანაც კი.სასიამოვნო ხმაზე არტისტულად საუბრობდა. დამიჩქარე წიგნი, ძამიკო და რომ გამოვა, მე ვიცი შენი პატივისცემაო, მეუბნებოდა. მე მოგვიანებით, როცა გალაკტიონის დღიურები და არქივი შევისწავლე, მერე აღმოვაჩინე, რომ მისი ბუნებრივი ხმა შენახული ჰქონდა. ძველ ნაცნობს რომ ნახავდა, მაშინ თუ "წამოცდებოდა" თავისი ხმა.– და მაინც თქვენ, რომელმაც გალაკტიონის ბიოგრაფიის შესწავლას და მასზე მუშაობას შეალიეთ ათწლეულები, მისი თვითმკვლელობის მიზეზებად რას ვარაუდობთ?– ერთი მიზეზი არ ექნებოდა. თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი მისადმი დამოკიდებულება მგონია, რომელსაც მთავრობა, მწერალთა კავშირი და მისი ოჯახი იჩენდა. ეს ყველაფერი დაუგროვდა. მთელი ცხოვრება თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა. ბოლოს საბაბი პატარა რაღაც გახდა და ეს მზადება სისრულეში მოიყვანა კიდეც.საავადმყოფოში რომ მივიდა, ოთხი საათი ალოდინეს. მერე პატარა, ორსაწოლიან პალატაში შეიყვანეს, სადაც იყვნენ პაციენტები და გალაკტიონს დაუდგეს მესამე საწოლი. იქ პაციენტის ცოლმა თქვა, შეგვავიწროვესო. ეს გაიგონა გალაკტიონმა, გავიდა პალატიდან, სადაც არც შებრუნებულა, სამი საათი სეირნობდა და ფანჯრიდან გადახტა კიდეც. შეიძლება ის ერთი სიტყვა – "შეგვავიწროვეს" გახდა საბაბი, რომ მას თავი მოეკლა. ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და "ლამაზად" გააკეთა ეს…

legrant

1742028818

ახალი ვარსკვლავი ბაბლუანების ოჯახიდან - ნასტასია ლეგრანი - პარიზის მოდის კვირეულის აღმოჩენა

პარიზის მოდის კვირეულზე 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციების წარმდგენ ტოპ 22 მოდელს შორის ნახევრად ქართველი მოდელი - ნასტასია ლეგრანი მოხვდა. ნასტასია მსახიობისა და ტელეწამყვანის - ოლგა ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი გახლავთ. ნასტასია სამოდელო სააგენტო Women Management Paris-ის მოდელია, რომელსაც ასევე აქვს ფილიალი სააგენტოები მილანსა და ნიუ-იორკში.  საფრანგეთში მცხოვრები 19 წლის ფრანგი მოდელი, ახალ სამოდელო სახეებს შორის, მცირე დროში მოექცა. ის ამ სფეროთი სექტემბრიდან დაინტერესდა და უკვე პარიზის მოდის კვირეულზე წამყვანი დიზაინერების დეფილეების წარმდგენია. მსოფლიოში წამყვან დიზაინერებს საინტერესო სახის შემჩნევა არ გასჭირვებიათ.ნასტასია პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა შანელის, ლუი ვიტონის, შიფარელის, ქლოეს, ვან ნოტენისა და სხვათა ჩვენებებზე.

imeda

1741792335

"ამ როლს გენიოსი მსახიობები ინატრებდნენ" - 88 წლის იმედა კახიანი ექვთიმე თაყაიშვილის როლზე მუშაობს

ამერიკაში მოღვაწე რამაზ ბლუაშვილი ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმს იღებს. ფილმის სამუშაო სახელია "ნათელი სიბნელეში". დიდი ნაწილი გადაღებულია კახეთსა და საგურამოში.დიდი ქართველი მამულიშვილის როლი ბლუაშვილმა 88 წლის იმედა კახიანს ანდო. როგორც მსახიობი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს მისთვის დიდად საპასუხისმგებლო როლია. ის გაოგნებულია იმ სიკეთეებით და დიდი საქმეებით, რაც ექვთიმეს სამშობლოსთვის აქვს გაკეთებული. იმედა კახიანი: ჩემო ძვირფასო, ამ როლს გენიოსი მსახიობები ინატრებდნენ. პასუხისმგებლობის გრძნობა სულ მქონდა, ნებისმიერი როლის თამაშისას, თუმცა როცა კლასიკას და ისტორიულ გმირს ეხები, გაცილებით საპასუხისმგებლოა. დიდი მოთხოვნილებაა, თამასა ზევით უნდა ასწიო. მე პლატონ სამანიშვილის როლის თამაშის დროსაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ისიც კლასიკაა. "სამანიშვილის დედინაცვალი" იმ დროს საქართველოს ყველა თეატრში იდგმებოდა. და ელდარმა ეს როლი რომ მომცა, ძალიან ვეცადე რომ კარგად მეთამაშა.უნდა ნახოთ, განძი რა ტანჯვით ჩაიტანა ექვთიმემ საფრანგეთში. შესანახი ფული რომ არ ჰქონდა, ამ ყუთების დამალვა დაიწყო. მერე პარიზში გერმანელების შესვლამ ახალი პრობლემები გააჩინა.ექვთიმეს რუსის ქალი ჰყავდა ცოლად, პალტარატსკაია. შვილი არ ჰყოლიათ. ცხოვრობდნენ ლევილში და ეს ყუთები სარდაფში ჰქონდათ გადამალული. ზემოდან ნაგავი ეყარათ და უვლიდნენ. იქვე ათენებდნენ, პატრონობდნენ.კვება უჭირდა. თხა იყიდეს, აძოვებდნენ და იმით იკვებებოდნენ. მერე ეს ქალი ავად გახდა, წამალი ვერ იყიდეს და გარდაიცვალა. იქ არის, ლევილში დაკრძალული. ერთხელ რეზო თაბუკაშვილი შემხვდა საფრანგეთში და წამიყვანა და მაჩვენა საფლავი. (ექვთიმეს ცოლის როლში კირა ანდრონიკაშვილია.)მერე სტალინმა ჩამოიყვანა ზარ-ზეიმით და ლექციებს კითხულობდა. ერთხელ, ერთმა ოჯახმა სტუმრად დაპატიჟა.  მივიდა ექვთიმე და ნახა, რომ დიასახლისს გულზე თამარ მეფის ჯვარი ჰკიდია. გადაირია. ეს საგანძური ძლივს დააბრუნა უკან და ხედავს, რომ აქ გულზე უკეთია ქალს. მიხვდა, რომ კაგებე ამ ფასდაუდებელ ნივთებს ან ყიდდა ან აჩუქებდა ან სახლში მიჰქონდა. იქვე კაგებემ შენიშნა, რომ ექვთიმემ ნახა ეს ჯვარი.ხმა გაუვრცელეს, ნახევარზე მეტი განძი საფრანგეთში გაყიდაო. არადა, იმაზე მეტი დააბრუნა, ვიდრე წაიღო. ეს ფაქტი ფილმშიც არის გადაღებული.დადიანებთან სახლში ისტორიული ნივთი ნახა და ისიც წამოიღო. დადიანებმა უჩივლეს, მაგრამ სასამართლო ექვთიმემ მოიგო. მან დაამტკიცა, რომ ეს საუკუნეების წინანდელი საქართველოს განძი იყო.მოკლედ, განძი რომ უპოვეს, დააპატიმრეს, გააგდეს უნივერსიტეტიდან. ბრალს სდებდნენ, რომ გაყიდა დიდი ნაწილი. საინტერესოა, დაკითხვის სცენები. გიჟდება ექვთიმე, რას ჰქვია გავყიდეო. გაყიდვა კი არა მსოფლიოს მთავარი მუზეუმების დირექტორებმა ამ უნიკალური ნივთების გამოფენის საშუალების მიცემა ითხოვეს. ეს დიდ შემოსავალს მოიტანდა. ვერც ამაზე დაიყოლიეს. დაკარგვის ეშინოდა. მერე ლევილის მუზეუმის დირექტორმა სთხოვა ხელშეკრულება გავაფორმოთ, თუ ოდესმე რაიმე ნივთის გაყიდვას გადაწყვეტთ, პირველი ჩვენ შეგვატყობინეთო. არც ამაზე დათანხმდა. ისეთი წვალებით ჩამოიტანა აქ და სამშობლოში ცილს სწამებდნენ... მოკლედ, პროცესში ვართ. ვნახოთ რა გამოვა...

guliko

1741622568

"ვეცადოთ, ძილის წინ გარეთ ვისეირნოთ. დაძინებამდე მშვიდად უნდა იყოთ და ერთმანეთს თბილი სიტყვები უთხრათ" - ლეგენდარული გულიკო ჩაფიძის რჩევები

ლეგენდარულმა კარდიოლოგმა, აწ განსვენებულმა გულიკო ჩაფიძემ, "პრაიმტაიმის" მკითხველს, ორიოდ წლის წინ, საინტერესო რჩევები მისცა. ექიმის რჩევით, ძილის წინ, ფეხით ქუჩაში სიარული, მშვიდი ძილის გარანტიაა...გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე - ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა - ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება ("ბატონებს" რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ ერთმანეთს, მიყვარხარ, მომწონხარ. ბევრი თბილი სიტყვა გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება...