იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“
კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.
„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:
„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.
***
- ახალი შეგრძნებები...
- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.
- ფიქრები?
- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.
- რა შეიცვალა შენში?
- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.
- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე?
- მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.
- ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება?
- ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.
- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?
- ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.