რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
კახეთიდან თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად რომ ჩამოვიდა, შემოქმედებითი ტურები უკვე ჩატარებული იყო, სასწავლებელში სტუდენტთა მიღება დაესრულებინათ. მაშინ უცნობი სამყაროს შესრუტვის წყურვილით სავსე გოგონამ არ იცოდა, რომ მალე მსახიობთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილს თავიდანვე "მოხვდა თვალში".
როგორც ლაურა რეხვიაშვილი გვიყვება, როდესაც მაესტრომ დაგვიანებით მისული დაინახა, თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.
ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა.
დღემდე კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. აქვს თავისი პოზიცია, მრწამსი, ნიშა, ადგილი, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. მავანთ შეიძლება არ მოსწონდეს ნიჭიერებისა და პირდაპირობის გამო. თუმცა მის პროფესიონალიზმს აშკარად თუ ფარულად, აფასებს ყველა.
თუმანიშვილი არ შემცდარა...
ლაურა რეხვიაშვილი: "ანტიგონეს" რეპეტიციები რომ ვნახე ტელევიზორში, ლამის შევხტი ეკრანში და ეს ადამიანი ჩემს წინ რომ შემოვიდა, ვიცანი და ფეხზე წამოვდექი. ვაი, დაჯექიო. ვიყავი ბედნიერი და ლაღი, ვიცოდი, სად ვარ და ვისთან მქონდა საქმე. უთქვამს, ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ვსვამ ჩემთან ჯგუფშიო. მომიწყო გამოცდა...
მოგვიანებით ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? მიპასუხა, მე შენისთანა "მასალა" გამოცდაზე არ შემომსვლიაო.
ერთხელაც, კინომსახიობთა სახელოსნოს წინ ვდგავარ, მხოლოდ ორი სეზონია ჩავლილი. ვდგავარ და ვიღაცას ძალიან აქტიურად ვუყვები რაღაცას. ჩაიარა მიშა თუმანიშვილმა. არ შემიმჩნია, არ მომესალმა. შევედი და მოვახერხე ის, რომ ვაგრძნობინე, ნაწყენი ვარ, რატომ არ შემამჩნიე-მეთქი? "ლაო" უნდა ეთქვა და არ მითხრა...
კიო, გაბრაზებული ვარო. რა დავაშავე, ბატონო მიშა-მეთქი? და რა მიპასუხა: არ შეიძლება ასე იდგე სახალხოდ და მაყურებელს აყურებინებდე, ხელებს და ფეხებს როგორ იქნევო. მსახიობი იდუმალი უნდა იყო ხალხისთვის, მაყურებლისთვის და მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე უნდა ენატრებოდეს შენი ნახვაო. მაშინ, რა საკვირველია, ეს მე არ მესმოდა და ამევსო თვალები ცრემლით. ვერ გავიგე. დღეს ეს მესმის...
მეუბნებოდა, თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.
მიხეილ თუმანიშვილი ასე მილოცავდა დაბადების დღეს – "ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო..."
მიშამ დატოვა ფორმულა: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები - ქცევებს, ქცევები - ჩვევებს, ჩვევები - ხასიათს, ხასიათი - ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა". ყველა მისი წიგნის, სპექტაკლის, ნამუშევრის, გაკეთებულის და გასაკეთებლის ფორმულაა ეს.