1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
96 წლის ლანა ღოღობერიძეს ცოტა ხნის წინ ახალი წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა. წიგნს თავისი ერთ-ერთი საეტაპო ფილმის სახელი უწოდა - "როცა აყვავდა ნუში". ფრაზა, რომელსაც ცხოვრების გაზაფხულის ასოციაცია მოაქვს. ცხოვრების, რომელიც თავად ავტორისთვის, საუკუნეში გადანაწილდა.
"სემიჩკასავით" საკითხავს ვეძახით წიგნს, რომელიც ჰაეროვნად, გემრიელად იკითხება. ამ ბრძნულ ასაკში დაწერილი წიგნიც ასეთია. ხელოვანი თავის გამოცდილებას გვიზიარებს, სხვადასხვა ეტაპებზე გვიყვება და საჭირო რჩევებს გვაძლევს.
ასეთივე საკითხავია წინა წიგნიც "რატომ გალობს შაშვი". "როცა აყვავდა ნუში" დილოგიის მშვენიერი ნაწილია.
გთავაზობთ მისი ერთი თავის - "თითქმის ასი" ამონარიდს. თუ როგორია საუკუნეს მიტანებული ხელოვანის ასაკთან ტანდემი.
"დღეს მე, მატერიის ერთი ბეწო ნაწილაკი და კარგად გამომწვარი აგური მივადექი მიჯნას - 95 წელს...
ოთხმოცდათხუთმეტი, თითქმის ასი...
ეს ციფრი მე თვითონაც არარეალურად მეჩვენება. თითქოს მე არც მეხება.
და მაინც რა ხდება შენში ამ ეტაპზე?
ცხოვრების ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია გონებრივი დაბერების პროცესის შენელება. ამ მიმართულებით მეცნიერები გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვას:
კვების ჰიგიენა: დღეში 5 ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება, რაციონის თევზით გამდიდრება. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები - კვირაში 3 კილომეტრის გავლა, ან სამი საათი ვარჯიში.. ტვინის მრავალმხრივი, მასტიმულირებელი, სასიამოვნო აქტივობა, რომელიც ამოქმედებს აზროვნების და განჭვრეტის უნარს.
ბრძოლა ქრონიკულ სტრესთან - ის ძალიან მავნეა, რადგან იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც ხელს უწყობს ნეირონების განადგურებას.
ეს ხომ ნამდვილად ყველას გვინდა: დავბერდეთ ისე, რომ არ დავძაბუნდეთ და სხვაზე დამოკიდებული არ გავხდეთ. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, შეგვიძლია ამას მივაღწიოთ კიდეც! ჩვენ თვითონ! თუ იმ საკმაოდ მარტივ მითითებებს შევასრულებთ!
მე, ჩემი მხრივ, დავამატებდი: კარგად დაბერების ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლო, როგორ გაუმკლავდე შენს მარტოობას. მარტოობას, რომელიც ეგზისტენციალური ხასიათისაა და ამიტომ აუცდენელი: ცხოვრება დანაკარგების ჯაჭვია, რაც მეტხანს ცხოვრობ, მით მეტს კარგავ... კარგავ უახლოეს ადამიანებს, მეგობრებს...
კორტზე დგომა, იმ პატარა ყვითელი ბურთის მოლოდინი და მერე დარტყმა კი მთლად განსაკუთრებული სიამოვნებაა! მას თითქმის ბედნიერებაც შემიძლია ვუწოდო!
თუმცა მარტო სხეულის ვარჯიში არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია, სხეულთან ერთად, ავარჯიშო ტვინიც.
შედეგად, სიბერე აღარ იქნება უბრალოდ "შემაწუხებელი", დიდხანს სიცოცხლის ერთადერთი საშუალება. ან რად გინდა ეს "დიდხანს სიცოცხლე", თუ არაფერი აღარ შეგიძლია იმის გარდა, რომ ნაფოტივით იტივტივო წყლის ზედაპირზე და პასიურად მიჰყვე დინებას?
ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხია ასეთია: შეგიძლია. ბევრი რამ შეგიძლია! შეგიძლია გაინტერესებდეს ყველაფერი, რაც ხდება შენ გარშემო. გონებით (და განცდით) იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს შენს ქვეყანაში. დაწერო სტატუსი იმაზე, რაც განსაკუთრებით აგაღელვებს. და კიდევ ბევრის სხვა რამ, ანუ: ავარჯიშო ტვინი, შექმნა მასში ახალი ნეირონული კავშირები. თურმე ეს ყოფილა ინტენსიური არსებობის საწინდარი. ინტენსიური არსებობა კი არ ტოვებს ადგილს მოწყენისთვის, ის უბრალოდ აქტიური სიცოცხლეა!
ხანდახან მეჩვენება, რომ სიცოცხლის ბოლოს ხარ მხოლოდ გონება (ტვინი), ჩაკეტილი სხეულში, რომელიც გისხლტება ხელიდან...
წლების მომატებასთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, იკლებს სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა, სამაგიეროდ, სხვანაირად აფასებს არსებობის ყოველ წუთს. იღვიძებ, ახელ თვალებს, მთელი არსებით შეიგრძნობ, რომ დადგა დილა, კიდევ ერთი ახალი, ჯერ არ განცდილი დილა შენს ცხოვრებაში და აღიქვამ მას, როგორც ერთადერთს და განუმეორებელს, როგორც განგების უძვირფასეს საჩუქარს!
როგორც აინშტაინი ამბობს: "ცხოვრება ველოსიპედზე სიარულივითაა. წონასწორობის შესანარჩუნებლად უნდა გააგრძელო მოძრაობა".
სიბერეა თუ დაასკვნი, რომ "წინათ" ყველაფერი უკეთესი იყო: ცა უფრო ლურჯი, ბალახი უფრო მწვანე. ღიმილიც მეტი იყო, სიხარულიც. ცხადია, ახალგაზრდობა თავის განუმეორებელ მომხიბვლელობას სძენს ყველაფერს, მაგრამ მის მიღმაც რჩება ბევრი რამ, რაც მაშინ, სიყმაწვილეში, ვერ გაიგე და ვერ შეიგრძენი. ამას თანდათან ინტუიციით ხვდები და ამიტომ სულ რაღაცაზე ელოდები.
ელოდები ახალს, მოულოდნელს, ამოუცნობს.
და როცა ელოდები, ის მოვა კიდეც, ახალი საინტერესო ადამიანის თუ მოვლენის სახით.
თითქოს სრულიად უმნიშვნელო ამბავი: ამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მობილურ ტელეფონს აქვს ერთი საოცარი თვისება - ნაბიჯების დათვლის უნარი! დავიპროგრამე მინიმუმი 3000 ნაბიჯი და გატაცებით დავდივარ ტელეფონით ხელში, როგორც ბავშვი, რომელმაც ძვირფასი სათამაშო ჩაიგდო ხელში. და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს, როდესაც ის ტელეფონი მწვანედ აბრჭყვიალდება და ასე მილოცავს დათქმული ნაბიჯების გავლას!
მკითხველი ალბათ ფიქრობს, ასეთ წვრილმანს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს შენს ცხოვრებაზე, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ასე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბისაა მოვლენა, თუ მას შენთვის თუნდაც წუთიერი სიხარული მოაქვს! განსაკუთრებით თუ გაითვალისწინებ, რომ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია და მარადისობასთან შედარებით მთელი შენი სიცოცხლეც წუთიერია..." - ნაწყვეტი წიგნიდან "როცა აყვავდა ნუში"