მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა

პალეონტოლოგებმა ტირანოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა გიგანტური თი-რექსის პირდაპირი წინაპარი იყო.

დინოზავრის ნამარხი ნეშტი მონღოლეთში, გობის უდაბნოში, 1970-იან წლებში იპოვეს. მაშინ მეცნიერებს ეგონათ, რომ ალეკტოზავრი აღმოაჩინეს. მაგრამ 2023 წელს კანადელმა მკვლევარმა ჯარედ ვორისმა მონღოლეთის დინოზავრების ცენტრალური მუზეუმი მოინახულა, სადაც ნამარხები ნახა. მათი დეტალური დათვალიერების შემდეგ მეცნიერი მიხვდა, რომ მის წინაშე აქამდე უცნობი სახეობაა და ნამარხის ხელახალი გამოკვლევა დააინიცირა.

დადგინდა, რომ ნამარხი Khankhuuluu mongoliensis-ს ეკუთვნის, რომელიც დედამიწაზე 86 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ნაპოვნი ეგზემპლარის წონა 770 კილოგრამს შეადგენდა, სიგრძე კი 4 მეტრს. მეცნიერები თვლიან, რომ ის საკმაოდ სწრაფად დარბოდა. მათივე თქმით, ეს სახეობა პატარა ტირანოზავრებსა და თი-რექსის მსგავს მასიურ მტაცებლებს შორის დაკარგულ რგოლს წარმოადგენს.