ახალი კვლევით დადგინდა ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ამცირებს ვარჯიში კიბოს რისკს

ვარჯიში

თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს მეტაბოლური ცვლილება, რომელიც როგორც ჩანს, კუნთის უჯრედებს მეტ საწვავს აძლევს, ხოლო კიბოს უჯრედებს ზრდისთვის საჭირო ენერგიას აკლებს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ძუძუს კიბოს ან მელანომა სიმსივნეების მქონე თაგვების მეტაბოლური რეაქციები შეისწავლა; თაგვები ჯგუფებად დაყვეს მათი კვების რაციონის და ვარჯიშის დონის მიხედვით.

გუნდმა მოლეკულური მარკერები გამოიყენა იმის დასადგენად, თუ სად მეტაბოლიზდებოდა გლუკოზა თაგვებში. ასე დაადგინეს, რომ აქტიური ცხოველები ეფექტიანად ახდენდნენ ენერგიის გადამისამართებას, კიბოს უჯრედებს საწვავს ართმევდნენ და კუნთებთან მიჰქონდათ.

ოთხი კვირის შემდეგ, მაღალცხიმიან რაციონზე მყოფ თაგვებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, მნიშვნელოვნად პატარა სიმსივნეები ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ასეთივე რაციონზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ იყვნენ აქტიურები.

„მსუქან თაგვებს, რომლებიც სიმსივნის შეყვანის შემდეგ ოთხი კვირის განმავლობაში დარბოდნენ ბორბალზე, კიბოს ზომა თითქმის 60 პროცენტით შეუმცირდათ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის ექიმი-მეცნიერი ბრუკს ლეიტნერი.

ჯგუფმა ასევე გამოავლინა მეტაბოლიზმთან დაკავშირებული 417 სხვადასხვა გენი, რომლებიც სხვადასხვაგვარად გამოიხატებოდნენ აქტიურ და უმოძრაო, მაგრამ გამხდარ თაგვებში.

ერთად აღებული, ეს მოლეკულური ცვლილებები აჩვენებდა, რომ სიმსივნეები გადადიოდა მაღალი სტრესის, თვითგადარჩენის რეჟიმში.

თაგვების სიმსივნეებში ვარჯიშმა განსაკუთრებით შეამცირა ცილა, სახელად mTOR, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი ზრდა; ამ აღმოჩენამ შეიძლება გზა გაუხსნას ახალ პრეპარატთა კვლევა-ძიებას.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ გლუკოზა ვარჯიშის კიბოს დამთრგუნველი ეფექტების მთავარი მეტაბოლური მედიატორია.

თუმცა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მეტაბოლური კავშირი და ვარჯიშის უნარი, შეამციროს კიბოს ზრდა — შეიძლება დამოკიდებული იყოს ვარჯიშის ხანგრძლივობაზე.

კიბო, თავის მრავალი სხვადასხვა ფორმით, არის კომპლექსური დაავადება; სიმსივნეების ზრდასა და გაჩენაში ჩართულია მრავალი მექანიზმი. პაციენტები კიბოს მხოლოდ სპორტდარბაზში სიარულით ვერ აიცილებენ თავიდან.

თუმცა, ფიზიკური აქტივობა შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ამ დაავადების პრევენციის შანსის მაქსიმალურად გასაზრდელად. ამ კვლევაში ასევე დადგინდა, რომ მსუქან თაგვებს, რომლებიც კიბოს ჩანერგვამდე ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ, უფრო მცირე სიმსივნეები განუვითარდათ, ვიდრე უმოძრაო თაგვებს.

„მონაცემები წარმოაჩენს ვარჯიშის მეტაბოლური ეფექტების ნიუანსურ, სისტემური ხედვის მნიშნვნელობას კიბოში“, — წერენ მკვლევრები.

იმედისმომცემია, რომ როგორც ჩანს, კიბოს ორ ტიპში ერთი და იგივე მექანიზმები მოქმედებს; ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვარჯიშის ბენეფიტები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კიბოთი.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ჯერ იმაშიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს პროცესები ადამიანებშიც ასე მიმდინარეობს.

ამ მიზნით, მკვლევრებს მოუთმენლად სურთ კვლევის გაგრძელება ადამიანის კიბოებზე. ამან შეიძლება ბევრი რამ გვითხრას იმის შესახებ, როგორ გვეხმარება ფიზიკური აქტივობა კიბოსგან თავის დაცვაში.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა