„ვფიქრობ, რომ ქალი მარტო არ უნდა დარჩეს“ - ინდირა ჯგერნაია

ინდირა ჯგერნაია

ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებს“ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს სიყვარულთან დაკავშირებით:

– ჩემზე ამბობენ, რთული ხასიათი აქვსო. სინამდვილეში, რთული ხასიათი კი არ მაქვს, პირფერობა არ მიყვარს და აფერისტობა არ შემიძლია. ძალიან პირდაპირი ვარ და მე კი არა, სიმართლეა მწარე. ახლა არ მაქვს „ლავსთორებში“ გახვევის დრო. თუ გამოჩნდება და მივხვდები, რომ ნამდვილად ისაა, კი ბატონო, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თან, უკვე დიდი ვარ, მარტივად ვხვდები, ადამიანს რა უნდა, გამოხედვით ვცნობ, ვხვდები, როდის იტყუება და ამოსუნთქვით ვშიფრავ მის ფიქრებსაც კი. მილიონი პასუხისმგებლობა მაქვს – დედა, ოჯახი, შვილი. მჩატე ისედაც არ ვარ და, მით უმეტეს, სპეციალურად ვერ მოვიტყუებ თავს. უმიზეზოდ ვერ ვიტყვი, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, ვერ დავმალავ. ალბათ, რაღაც ეტაპები მაქვს გასავლელი აქამდე რომ მივიდე.

ჩემს შვილს რომ დედიკოს გათხოვებაზე ჰკითხო, მისი პასუხიდან მიხვდები, რომ არავისთვის ვემეტები. ერთხელ ამაზე საუბრისას მითხრა, ანუ, მამინაცვალი მეყოლებაო?! ავუხსენი, რომ მამინაცვალი მას ჰყავს, ვისაც მამა არ ჰყავს. შენ გყავს მამა, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, ეს სხვა არის-მეთქი, მაგრამ ჯერ პატარაა ამისთვის და ჩემს ცხოვრებაშიც არ არის იმის საჭიროება, რომ ამაზე საუბრით დავსტრესო. თუ ღმერთი ინებებს, ასეთი რამ მოხდეს, მისი წყალობით, ალბათ, ჩემი შვილიც კარგად შეხვდება ამ ამბავს, რადგან საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქალი მარტო არ უნდა დარჩეს.