EXCLUSIVE: "ხანდახან ემიგრაციაში წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ..." - ნონა ხუმარაშვილი პირადსა და კარიერაზე

ნონა ხუმარაშვილი

ნონა ხუმარაშვილი სატელევიზიო სივრცეში პაატა გულიაშვილის გადაცემაში გამოჩნდა და მაყურებლის სიყვარული პირველივე ნაბიჯებისას დაიმსახურა. მისი პერსონაჟი მარო, შეიძლება ითქვას ყველაზე აქტუალური სატელევიზიო გმირია როგორც „პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუში“ ასევე, სერიალში „მიხო და მარო“.

ნონა ხუმარაშვილი პროფესიით მსახიობია, წარმოშობით ქიზიყელია, თეატრის მსახიობობა ძალიან პატარა ასაკიდან უნდოდა, რაზეც გავლენა მისმა მსახიობმა ნათლიამ მოახდინა და ეს ოცნება სკოლის დამთავრებისთანავე აისრულა.

 

აკუთარი ცხოვრების და კარიერის შესახებ ნონა „პრაიმ ტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

- ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ნამდვილად პაატა გულიაშვილის გადაცემიდან გავხდი. მსახიობის პროფესიაში შემთხვევით ვერ მოხვდები, ამას საფუძველი ბავშვობაში ეყრება და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამწუხაროდ თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოვხვდი და ამიტომ ჩავაბარე საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. ოთხი წელი ვსვწავლობდი იქ, იმდენად მინდოდა თეატრში, რომ ბოლოს თელავის თეატრში ალექსანდრე ქანთარიასთან მივედი და მოვხვდი დასში. 1984 წლის ოქტომბრიდან დღემდე თელავის თეატრის დასის წევრი ვარ. მაშინ პაატა გულიაშვილი პატარა ბავშვი იყო, თეატრში სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდა და ჩვენს ხელში გაიზარდა, წლების შემდეგ კი ჩვენი ხელმზღვანელი გახდა და ერთად გამოვჩნდით სატელევიზიო სივრცეშიც.

 

- როცა კახეთიდან თბილისში წამოხვედით სასწავლებლად, არ გაგიჭირდათ აქ თავის დამკვიდრება?

- მარტო არ წამოვსულვარ თბილისში, ბიძაშვილებთან და დეიდაშვილებთან ერთად ჩამოვედი, ერთად ვცხოვრობდით და სტუდენტობის წლები ერთად გავატარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში აღარ გავაგრძელე მუშაობა და თელავში წავედი საცხოვრებლად. რაიონიდან ჩამოსული ბავშვები არ ფიქრობდნენ ისევ რაიონში დაბრუნებას, მე კი თავიდანვე თელავის თეატრში მინდოდა მუშაობა. ძალიან კარგი ჯგუფი გვყავდა, ფილარმონიას მთლიანად უნდოდა ჩვენი აყვანა და ქვეყნის მასშტაბით გვექნებოდა გასტროლები, მაგრამ ესტრადას მაინც თეატრი ვარჩიე.

მალე დაიწყო  არეულობა ქვეყანაში, ომი, 9 აპრილი, დაპირისპირებები და თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მაგ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მინდოდა ჩემი საქმე გამეგრძელებინა, ლიტერატიურულ-მუსიკალური პროგრამა  გავაკეთე ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად და სამი წლის მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციაში ვაკეთებდით ღონისძიებებს. გავიდა წლები და შემდეგ ისევ თბილისში მოვხვდი პაატა გულიაშვილის წყალობით. პაატა ჩვენი თეატრის განსაკუთრებული სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ბევრი რაღაც გააკეთა დასისთვის, არც ერთი წელი არ ჩაუგდია გასტროლების გარეშე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 30-40 წლის წინ რომ ვიყავით გერმანიაში თეატრიდან, მას შემდეგ არსად ვყოფილვართ, პაატა როცა მოვიდა თეატრში გასტროლებზეც ხშირად დავდიოდით და ბევრი რამ გაკეთდა.

 

- პაატას გადაცემაში როგორ მოხვდით?

- პაატამ თელავის თეატრის დასი მოიწვია გადაცემაში, მე მითხრა ხალათი წამოიღეო, როცა ჩამოვედით მითხრა: შენ კადრში არ გამოჩნდეო, თავიდან კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე ალბათ ასე არის საჭირო-მეთქი. პირველად ჩავწერეთ სიმღერა „მითხარ სად გეძგერო“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოულოდნელად პაატამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე  გამომიცხადა: გილოცავ, შენ ჩემი თანამშრომელი გახდიო. არ ველოდი ამას. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ტელევიზიაზე. ასე შეიქმნა ჩემი და მიხოს დუეტი. შემდეგ მოვხვდი სერიალში. ახლა ცოტა ვისწავლე კამერასთან მუშაობა, ჩვენ მსახიობები მაყურებლის მზერას და სუნთქვას ვართ შემჩნეული და კამერასთან მუშაობა სულ სხვა არის. მადლობას ვეტყვი ხალხს ამხელა სიყვარულისთვის.

 

- ნონა, მსახიობის ცხოვრება რთულია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ნაკლებად არის დაფასებული ეს საქმე და ზუსტად მაშინ, როცა კარიერას იწყებდი, ქვეყანაში რთული კრიზისი და გაჭირვება იყო,  ალბათ ბევრი რთული პერიოდიც გქონია ცხოვრებაში...

- რთული პერიოდის გარეშე ალბათ ერთეულმა ადამიანებმა გაიარეს ეს გზა. ოჯახი გვიან ადაკში შევქმენი, როცა თელავის თეატრში დავიწყე მუშაობა, მაშინ ოჯახი არ მყავდა, მშობლები ყველაფერში მეხმარებოდნენ და შესაბამისად მძიმე პერიოდი სხვასთან შედარებით ჩემი მშობლების ზურგით ადვილად გადავიტანე. ხანდახან გონებაში წამომიტივტივდებოდა ევროპისკენ ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრი, მერე ვიწყებდი ფიქრს სცენის გარეშე მოვკვდები-მეთქი და დავრჩი ჩემს ქვეყანაში.

 

- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ...

- მყავს მეუღლე და ერთი შვილი. მალე გავხდები პირველი შვილიშვილის ბებია. მეუხერხულება, მაგრამ ჩემი შვილი  ჭკვიანი ბავშვია, კარგად სწავლობდა, დაამთავრა უნივერსიტეტი, გაცვლითი პროგრამებით იყო ევროპაში როგორც სკოლის ასევე სტუდენტობის დროს. რაც შეეხება მეუღლეს, მელიორაციის პროფესიის არის, მაგრამ ახლა ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშაობს.

 

- გადაღებების და ჩაწერების გამო, თბილისსა და თელავში გიწევს ყოფნა, რთული არ არის?

- ძნელია, მაგრამ ჩემი მეუღლე, და და შვილი მეხმარება ყველაფერში. ჩემი შვილი სახლიდან მუშაობს ერთ-ერთ ევროპულ კომპანიასთან და ყველაფერში ხელს მიწყობს. თბილისში ახლობლებთან ვცხოვრობ და იქეთ-აქეთ მიწევს სიარული.