გიორგი გოჩოლეიშვილი – გვინდა, რომ გიორგი ლორია კარგი თამაშით გავაცილოთ

გიორგი გოჩოლეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ანზორ მექვაბიშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ფარერის კუნძულების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, მოლოდინებსა და გიორგი ლორიას სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ისაუბრეს.

ანზორ მექვაბიშვილი: „ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის. რთულ შეხვედრას ველოდებით, რადგან ფარერები კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენთან არიან დებიუტანტები, ახალი სახეები და ყველას აქვს შანსი, დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშის ღირსია.“

გიორგი გოჩოლეიშვილი: „საქართველოში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალური მატჩია თუ ამხანაგური, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, რადგან ქვეყნის სახელით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, თამაში ისეთი იოლი არ იქნება, როგორსაც ბევრი შეიძლება ელოდოს. ვიბრძოლებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მატჩის შემდეგ გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთი თავდადებისთვის და გვინდა, რომ ის კარგი თამაშით გავაცილოთ“.

საქართველოსა და ფარერის კუნძულების შეხვედრა დღეს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.